გუდაურში, საბაგიროების ელექტროსისტემა მწყობრიდან 11 მარტსაც გამოვიდა

საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, გუდაურში საბაგიროს მუშაობა რამდენიმე დღის წინ – 11 მარტს დროებით იყო შეჩერებული.
ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადმინისტრაციის მიერ, 11 მარტს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა.
„მოგახსენებთ, რომ დღეს, დილის 9 საათზე, კურორტ გუდაურში, მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა. აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი” საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა. დღეს შეძენილი ბილეთების თანხა სრულად ანაზღაურდება.
კიდევ ერთხელ, ბოდიშს გიხდით შექმნილი მდგომარეობის გამო“, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადმინისტრაციამ 11 მარტს გაავრცელა.
გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. ერთ-ერთი ვერსიით, გუდაურში, ძაბვის ვარდნის შედეგად, ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. მეორე ვერსიით კი, საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები