დიმიტრი ქუმსიშვილი: ვერტმფრენი უკვე გუდაურშია და დაშავებულები თბილისში გადაგვყავს

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში უკვე დაჯდა ერთი ვერტმფრენი და დაშავებულებს თბილისში გადაიყვანენ.

„ვერტმფრენი დაჯდა და შესაბამისად, ვფიქრობ,  ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. ის უკვე გუდაურშია,  ახლა ველოდებით მეორე ვერტმფრენს. უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, რამდენიმე საათის წინ, ავარიული გაჩერების გამო, საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.

ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია  “დოპელმაიერს”, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები.

გუდაურში დაუყონებლივ გაემგზავრა ეკონომიკისა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. იგი უკვე გუდაურში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები