ფიროსმანის ნათლის მცველი – ილო პატაშურის პორტრეტი

0

ტიციან ტაბიძე ნიკო ფიროსმანზე წერდა: „იგი საღებავებით იძლეოდა იმას, რასაც ილია იძლეოდა ძლიერი სიტყვით… ნიკო ფიროსმანი გამოხატავს ქართველი ხალხის მხატვრულ პოტენციას – ამ მხრივ იგი ენათესავება მთების პოეტს ვაჟა-ფშაველას“…  – ეს სიტყვები გამახსენდა საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ილო პატაშურის სახელოსნოში, სადაც ფერები მეტყველებენ, სადაც ფიროსმანის სულის ანარეკლი გმოსავს და გატყვევებს. ილო პატაშური ფიროსმანის ნათლის მცველია. ეს არის სამყარო, პირველყოფილი ცრემლივით წმინდა და მიუსაფარი, სადაც იმაზე უფრო უკეთესი ხდები, ვიდრე ხარ! 

თითქოს შემთხვევითი არ არის, რომ მთიულეთში დაიბადა და გაიზარდა, სოფელი ხევშაც მისი ზესთა სოფელია, უფლის ხელის გაწვდენაზეა. ნარინჯის ფერებში გარინდებულ სამყაროს მოაქვს „რაღაც ახალი, სულმთლად სხვაგვარი“, ფერებით ამღერებული პოეზია, გულისგულში რომ გაგივლის და გრჩება სამუდამოდ.
განგებამ ჯერ კიდევ ბავშვს, სკოლის მოსწავლეს აქ, ამ ბუნებაში დიდი ლადო გუდიაშვილი შეახვედრა. მაშინ პატარა ბიჭუნამ მისი არც გვარი და არც სახელი არ იცოდა. სკოლიდან მომავალმა ბუნებაში განმარტოებული უცნობი მხატვარი დაინახა და შეჩერდა. ფრთხილად მიუახლოვდა, მხატვარმაც იგრძნო, ვიღაც მოვიდაო და ღიმილით შეხედა: ხატვა გიყვარს, ბიჭიკოო, – ჰკითხა. დიახო,- მიუგო ბიჭუნამ და დედის შეკერილი ჩანთიდან სკოლის რვეულის ამოღება დაიწყო… რვეულს თოვლიც ამოჰყვა, ფერთხავდა ამ თოვლს და თან რცხვენოდა, რომ სველ რვეულს უწვდიდა. მხატვარმა გულისხმიერებით დათვალიერა პირველი ბავშვური ნამუშევრები და უთხრა: ყოჩაღ, ნიჭიერი ჩანხარ, რა გქვია, რა გვარი ხარო? პატაშური ვარ, ილია მქვიაო. რა კარგი სახელი გრქმევიაო, და ისეთი სიამაყით შეხედა, თუ ხატვას გააგრძელებ, შენგან ნამდვილად დიდი მხატვარი გამოვაო… სამ ფერად ფანქარს და ქაღალდებს აჩუქებს…

დედის პორტრეტი

გავა წლები, მოგვიანებით, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის სტუდენტობის დროს გაიგებს, რომ მაშინ, ბავშვობაში დიდ მხატვარს შეხვდა. ლადო გუდიაშვილს ბიჭუნა მთიულეთიდან დათოვლილი სახატავი რვეულით დაამახსოვრდა. ასე დაემგზავრა დიდი მხატვრის დალოცვა…
მოგვიანებით, როცა უკვე სამხატვრო აკადემია დაამთავრა და პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო, დიდი მხატვრისგან მამაშვილურ სითბოს ყოველთვის გრძნობდა.
ქართული სიღრმით და დრამატიზმით გამოირჩევა „კრწანისი“. ჩამოშავებულა ზეცა… ირგვლივ დახოცილი მეომრები და სისხლის ნაკადულებია. ნარიყალა და მეტეხი გადმოხრილა. ზარების რეკვა და გუგუნი ისმის. ღრუბლებიდან მთვარე გამოსულა, ქვემოდან ანგელოზები საქართველოს ბედზე ივედრებიან… ტირის კრწანისი სისხლის ყაყაჩოებით!
მეორე ტილოზე ცეცხლწაკიდებული მარტყოფი და წითელი ფერი სიცოცხლისა და სიხარულის სიმბოლოცაა თითქოს, წმ. ბასილი დიდის თქმით, მხოლოდ ,,ღმერთს შეუძლია, სისხლსაც კი მოუსმინოს, თუმც სისხლს არც ენა აქვს, არც ხმა, რომელიც ჰაერში დაირხევა”.
იშვიათია შემოქმედი, ვინც ამ ხმას უსმენს. დიდგორიდან კრწანისამდე სწორედ ეს ხმა-იმედია განფენილი, რომელიც ენდროსფრად ანათებს მარადისობაში… ეს იმედი უკვე ყაყაჩოების ალში გახვეულა ფერწერულ ტილოში „წითელი ყაყაჩოები“, ყაყაჩოს ცეცხლი პატარა ეკლესიის კედლებსაც მოსდებია სიყვარულის, მარადიულობის ნიშნად. მხოლოდ მთასავით მარტოსულ შემოქმედს ძალუძს, შეუცნობლის ნისლში შეღწევა და მისი იდუმალების შეგრძნება. ასეთია ილო პატაშურის „გუდამაყარი“ და „სოფლის სევდა“, ხოლო „გუდაურის“ და „შობის“ ხილვისას, თითქოს ზეციდან ანგელოზების შრიალიც გვესმის. მხატვარი ზესოფლისა და ქვესოფლის სადარაჯოზე დგას, ვაჟასეული მძიმე ლოდივით დასწოლია ნაღველი: „ვიცანი, ღმერთო, სამყარო, – ეს შენი დანაბადები“… სულიერი ტანჯვა ბევრს არ ეხერხება.
ილო პატაშური ტკივილისა და სიხარულის მონაცვლეობით ფერთა უჩვეულო პალიტრას ქმნის – მწვანე, იისფერი, წითელი აქცენტებით ერთ მთლიანობას გვიხატავს. იგი ბრწყინვალე ფერმწერი და კოლორისტია.
„პატაშურის მხატვრობა ერთი დიდი საყვედურია, სინამდვილისადმი აღვლენილი ერთი დიდი საყვედური, ამასთანავე ვედრებაცაა, ვედრებაცა და ყვედრება… პატაშური მავედრებელი და მაყვედრებელი მხატვარია, ოღონდ რაოდენ დიდი სიყვარულია ამ ყვედრებაში. მას შეუძლია გაიმეოროს: „რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა“, ოღონდ ერთი კორექტივით – სჯობს „ადამიანი“ დააკონკრეტოს და „მხატვრით“ ჩაანაცვლოს“ (დავით ანდრიაძე).
წვიმისფერია „მფარველი ანგელოზი“- თეთრი, ნაზი, ჰაეროვანი, მზიანი სუნთქვით და სინათლით, ხოლო თავსაფრიანი დედის მუხლებზე დაწყობილი ხელები და თვალები მარადიულობას ებაასება. მეტყველია „ხევსური გოგონას“ მკაცრი და შეუვალი, მაგრამ წრფელი სახე, დახრილი თვალები… იგი ხევსურეთის ველურ ბუნებას ჰგავს – ზეცამდე აზიდული ამაყი კოშკივით გარინდებულ სილამაზეს! საიდან მოფრენილა აქ მზია ბათარეკას ასული, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობიდან?
„ეს უცნაური არისტოკრატი ქალი, რომელიც ბუნებამ აქ, შატილში გააჩინა, და ელის… არ არის გაწბილებული მისი მოლოდინი, ის ყველაფერში ხედავს მას, დიდი ანთებული თვალები გრძელი, გაკვირვებული წამწამებით ყველაზე პატარა საგანსაც კი არ უშვებენ თავის გარშემო შეუყვარებლად“…
აქ პოეზია განუკითხავად ბატონობს პროზაზე, პოეზია თავის “ულოგიკო” ვნებებითა და გამოხატვის შეუდარებელი დრამატული სიმშვენიერით.
აქ ფერებით ამეტყველებული სიხარული და მწუხარებაა, სევდაა! ელვარებაა, ცეცხლია, რიტმი და ფიქრია, ფიქრი მარადისობაზე!
სევდას სხვანაირად „შავი ნავღელი ჰქვიან“. საქართველოს მუქ-მეწამული ნაღველი და, მასთან ერთად, „ფერად ფასკუნჯები“ ფერთა პოეზიას გვაზიარებს, რომელიც სხვანაირ, იდუმალ სინთლეს ასხოვებს.
ფაქიზი კოლორისტი ფერმწერის ყველა ხაზს, ყველა ფერს თუ ფორმას კონკრეტული დატვირთვა აქვს. აქ მკვეთრად გამოხატული ფერები და საამო ფერწერაა… ფერი ხომ უფრო მეტხანს რჩება, ვიდრე მელოდია!
„ზოგჯერ სურათი ცდილობს, დაგამარცხოს, რომ მიატოვო პალიტრა, ჭეშმარიტი ხელოვნების, სურათის შექმნას გულის სისხლი სჭირდება, და ყველა ეს ნახატი ამ თავგანწირვით შევქმენი. რომ ვუფიქრდები, მიკვირს, როდის შევქმენი ამდენი ნამუშევარი… ბევრი მათგანი ისტორიულ თემაზეა. ისტორია ძალიან მიყვარს“… მეუბნება.
მე კი მახსენდება პატარა ამონარიდი შთაბეჭდილებების წიგნიდან: „ეს, რაც მე ვნახე, ეს გამუნჯებს, ხმის ამოღების ნებასაც არ გაძლევს! ეს არის ბედნიერება, ეს არის ჩემი სამშობლო, ეს არის ის, რასაც ფრანგები ვერ გაიგებენ, იმიტომ რომ ჰგონიათ, მანე მეტია, ვიდრე ილო! შეხედეთ, ეს არის ის, რაც არავის არ ჰგავს. ეს არის გენიოსი. რეზო ამაშუკელი“.
…დილით ადრე ეძახის პალიტრა… ხატავს, ოღონდ სრულ სიჩუმეში… სიჩუმეში იბადება ულამაზესი და უჩვეულო სამყარო, როგორც თეთრი ეკლესია – მზესთან და სიყვარულთან მოზიარე განცდა…

                                                                                                                                                                             თამარ შაიშმელაშვილი

 

 


„ჩემი სოფელი“

„დიდგორი“

„მფარველი ანგელოზი“

„პეიზაჟი“

„წითელი ყაყაჩოები“

„გუდაური“

გუდამაყარი

„მოლოდინი. ხევსური გოგონა“

„სამყარო“

„სახლი“

კომენტარები

კომენტარი