საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „მეგადორსს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა (ფოტოკოლაჟი)

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „მეგადორსს“ შორის გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კოლეჯის დირექტორმა, მათე ტაკიძემ და კომპანიის დირექტორმა, რაულ გაბაიძემ მოაწერეს, ხოლო შეხვედრას პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი ესწრებოდა.

მემორანდუმი მიზნად პროფესიული სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებას, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებას კომპანიის ბაზაზე, მათ სოციალურ ინტეგრაციას და დასაქმებას ისახავს.

“ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, სხვა, ამ ტიპის საწარმოში და გაოცებული ვარ, რომ საქართველოშიც არის ისეთი კომპანია, როგორიც არის „მეგადორსი“ და აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხზე ორიენტირებულ პროდუქციას, ორმაგად გახარებული ვარ, რომ ამ კომპანიას აქვს მაღალი ცნობიერება და თანამშრომლობენ პროფესიულ სასწავლებელთან „სპექტრი“, რადგან, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დუალური განათლება და ვფიქრობ, რომ ეს არის მომავლის ნაბიჯები”, – განაცხადა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსმა, მარიკა ზაქარეიშვილმა.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, როგორც სტუდენტთა პროფესიულ, შრომით და სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე კომპანიის წინაშე არსებული პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც კვალიფიციური, სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განსწავლული სამუშაო ძალის არსებობაში გამოიხატება.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ კოლეჯთან „სპექტრი“ დუალური განათლების მიმართულებით და უზრუნველვყოფთ სტუდენტებისათვის პრაქტიკული სწავლების კომპანიის ბაზაზე გავლას, რომელთაგან წარმატებულ კურსდამთავრებულებს შევთავაზებთ ჩვენს კომპანიაში მუშაობას, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, რაულ გაბაიძემ.

კომპანია „მედადორს“-ი, შპს „ოცნების“ ბაზაზე „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2017 წელს შეიქმნა. კომპანიის დირექტორის განცხადებით, კომპანიის წარმოებისთვის ხელშემწყობი ორი ფაქტორი ჰქონდათ, რომელიც დაახლოებით 3 მილიონი ლარის მოცულობით იყო, სახელმწიფომ ხელი შეუწყო კომპანიას ორწლიანი კრედიტის აღების თვალსაზრისით, სადაც საპროცენტო განაკვეთის ანაზღაურება მოხდა, ხოლო მეორე კომპონენტის სახით, ძირითადი საშუალებების გადაეცათ, ქონების მართვის სააგენტოს მიერ, რაც დიდი მხარდაჭერა იყო ბიზნესისთვის. კომპანიაში ამჟამად 30 თანამშრომელია, აქედან 40 პროცენტს ქალბატონები შეადგენენ.

„კომპანია „მეგადორსის“ სტანდარტები და ხარისხი შეესაბამება ევროპულ ხარისხს, ეს არის მაღალი სტანდარტის წარმოება და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდება, რასაც უკვე სჭირდება სპეციალისტების, მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება და მათ მიეცემათ საშუალება, იყვნენ წარმატებულები თავიანთ საქმიანობაში”, – განაცხადა კოლეჯის დირექტორმა, მათე ტაკიძემ.

შპს „ოცნება“ ქართულ ბაზარზე 25 წელია არსებობს და სამშენებლო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას ეწევა. მისი საქმიანობის სფერო თავდაპირველად ხე-ტყის გადამუშავებასა და ექსპორტის მიმართულება იყო, ხოლო შემდგომ განვითარდა და გაფართოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები