როგორც დედა, განადგურებული ვარ“ – რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ ბაღში (ფოტო, ვიდეო)
გლდანში მდებარე კერძო ბაგა-ბაღ „ჭიამაიას“ ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი, მასწავლების მხრიდან, მისი შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ წერს.
შესაბამის პოსტს და ფოტო-ვიდეო მასალას, ის ფეისბუქის პირად გვერდზე ათავსებს.
“მშობლებო, მეგობრებო, მასწავლებლებო, სამწუხაროდ ვავრცელებ ინფორმაციას ამ ეტაპზე ფოტოს სახით, აღშფოთებული და დათრგუნული ვარ, რაც შ.პ.ს. ბაგა-ბაღ “ჭიამაიაში” მოხდა ჩემი ვაჟის გაბრიელ გობიანის თავს. ის გახდა ძალადობის მსხვერპლი მასწავლებლის მიერ და არაერთ გზის, ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ის ფაქტია, რომ მტკიცებულება ვიდეო, ასევე ფოტოს სახით, გადაეცა ყველა უწყებას, სადაც აშკარაა ძალადობა, მაგრამ დღევანდელ საქართველოში მე ვფიქრობ, რომ ისევ ბნელა!! რეაგირება დღემდე არ მოყოლია და მასწავლებლისათვის ბრალდება არ არის წარდგენილი, როდესაც მტკიცებულებები და აღიარებითი ჩვენება უკვე აქვთ შსს და ასევე პროკურატურას, როდესაც კვალიფიკაცია უკვე მიცემულია 126 მულის 1 “ა” ქვეპუნქტით, სამწუხაროდ,დამნაშავე ჯერ კიდევ დასჯილი არ არის!! მე, როგორც დედა, განადგურებული ვარ. 21-ე საუკუნის საქართველო დუმს!!!“, – წერს მშობელი, რომელმაც მოგვიანებით ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეოც განათავსა.
„კვირა“ ბაგა-ბაღ „ჭიამაიას“ დირექტორს ია მიქაუტიძეს დაუკავშირდა.
დირექტორი ადასტურებს, რომ მასწავლებელი აღსაზრდელს ხელით მართლაც შეეხო. მისი თქმით, აღნიშნული პედაგოგი ბაღს დატოვებს:

„მასწავლებელი ხელით შეეხო ბავშვს და ეს, თავისთავად, არასასიამოვნო ფაქტია, ამაზე მყისიერი რეაქცია მქონდა, მშობელიც საქმის კურსში იყო. მშობლის ადვოკატის მეშვეობით იყო მცდელობა, რომ მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, თანხა გადამეხადა. ჩვენ ვიდეო მივაწოდეთ მშობელს, არაფერი დაგვიმალავს, მის მიერ გავრცელებული ვიდეოდან რაღაცა ეპიზოდებია მოჭრილი, ცოტა სხვა სახით გავრცელდა. მე არავისთვის ხელის დაფარებას არ ვაპირებ. არავითარ შემთხვევაში არ აქვს გამართლება ძალადობას, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს. პედაგოგი, რომელზეც მშობელი საუბრობს, დროებით ბაღში რჩება, სხვა მშობლების მოთხოვნით, ვიდრე მას სხვა პედაგოგი არ ჩაანაცვლებს, ვაკანსია უკვე გამოვაცხადეთ ახალ კადრზე. მშობლებს არ სურდათ, რომ პედაგოგი წასულიყო ჯგუფიდან, მიუხედავად ამისა, ჩემი შეხედულება მაქვს ამ საკითხთან მიმართებაში და ვერ დავტოვებ პედაგოგს ადგილზე. იმედია, უახლოეს მომავალში ავარჩევთ კარგ კანდიდატურას, რომელიც მას ჩაანაცვლებს. თავად ეს პედაგოგი ძალიან წუხს და განადგურებულია, – როგორც ირკვევა ამ პატარამ დანარჩენი პატარები წააქცია და პედაგოგმა ამ ფორმით გამოარიდა მათ ბავშვი, თუმცა ეს პედაგოგის ქმედებას არ ამართლებს, მას მეტი თმენის ვალდებულება აქვს და პატარებთან უფრო მომთმენნი უნდა ვიყოთ“,- განუცხადა „კვირას“ ბაგა-ბაღის დირექტორმა.
