“უმცირესობის რეზოლუცია ტატუნაშვილის საკითხზე ქვეყნისთვის თუ მისაღები იქნება, მხარს დავუჭერთ”
“ჩვენ, უმრავლესობა მზად ვართ, გავაგრძელოთ მსჯელობა პარლამენტის ფარგლებში და თუ საპარლამენტო უმცირესობის წინადადებები მისაღები იქნება ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ და მხარს დავუჭერთ“, –ასე გამოეხმაურა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე უმცირესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციას. ის დარწმუნებულია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა მზადაა იმისათვის, რომ საერთო სახელმწიფო ინტერესების კონსოლიდირება მოხდეს და მტკიცე პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს.
„ყველას ვურჩევ, იქ სადაც სახელმწიფო ინტერესების კონსოლიდირება გვჭირდება, ნუ მოვახდენთ საკითხების პოლიტიზებას, ორიენტირება ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე მოვახდინოთ. ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ყველას საერთო პოზიცია გაგვაჩნია, ამიტომ აქ საუბარი, მსჯელობა და შეჯიბრი რეზოლუცია უმრავლესობის იქნება, თუ უმცირესობის, არ არის სწორი. დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური ძალა მზად არის იმისათვის, რომ საერთო სახელმწიფო ინტერესების კონსოლიდირება მოხდეს და მტკიცე პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს. საპარლამენტო უმრავლესობა თავის რეზოლუციას დაუჭერს მხარს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიმსჯელებთ იმ წინადადებებზე, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა, ან სხვა პოლიტიკური ძალა შემოგვთავაზებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რეზოლუციის პროექტს ამზადებს.