კობა ნარჩემაშვილი: ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია ჩვენი რეზოლუციის პათოსსაც გაიზიარებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სეპარატისტული რეჟიმის ბოლოდროინდელ ქმედებებს სათანადო შეფასება მისცეს.

როგორც კობა ნარჩემაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ ამისი შედეგია ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს და დეფაქტო რეჟიმის ქმედებებს მწვავე განცხადებებით უპასუხეს.

დეპუტატის თქმით, ვითარება, რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების ფონზე, სეპარატისტული რეჟიმი და თავად რუსეთი აღმოჩნდა, მაინცდამაინც სახარბიელო არ არის.

ამასთან, ნარჩემაშვილი აღნიშნავს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მიზნით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს.

„მესმის, რომ ეს როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის, ძალიან მგრძნობიარე თემაა და უმნიშვნელოვანესია, რომ ცხედრის გადმოცემა სწრაფად მოხდეს. ხელისუფლება ამ მიმართულებით ყველაფერს აკეთებს და ინტენსიურად გაგრძელდება ეს მუშაობა, როგორც პატრიარქის, ასევე ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჩართულობით და ამ ფონზე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ზოგიერთ უპასუხისმგებლო განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ცხედარს არ გადმოგვცემენ, უნდა დაიკეტოს სამხედრო გზა და ა.შ. – რბილად რომ ვთქვათ, ასეთი განცხადებები უპასუხისმგებლოა. ამ ადამიანებს ან უბრალოდ არ ესმით, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობს და ისინი ყველაფერს აკეთებენ, ან არ სურთ ამის გაგება. ერთმნიშვნელოვნად პროვოკაციულია ასეთი განცხადებები. ამასთან, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რა არის გასაკეთებელი. ფორმატი, რომელიც ამ საკითხების პრევენცირებასა და რეაგირებასთან დაკავშირებით მოქმედებს, როგორც ჩანს, ან გასაფართოვებელია ან რაღაცა დასამატებელია. ყოველ შემთხვევაში, ეს ფაქტი შეიძლება გახდეს გარკვეული წყალგამყოფი მომდევნო ურთიერთობებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კობა ნარჩემაშვილმა აღნიშნულ საკითხზე შემუშავებულ რეზოლუციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთსულოვნები უნდა იყვნენ.

„ოპოზიციას, რა თქმა უნდა, აქვს მცდელობები, რომ ხელისუფლება დაადანაშაულოს გარკვეულ მოქმედებაში, მაგრამ მათაც იციან, რომ არა მხოლოდ ამ ფაქტის გარეშემო, არამედ სხვა შემთხვევებზეც, ყველა საერთაშორისო ძალისხმევა არის გამოყენებული, რომ ასეთი ქმედებები იქნას თავიდან აცილებული. ასე რომ, თუ კი რამ კარგი ექნება უმცირესობას რეზოლუციაში, ეს გამოყენებული იქნება ჩვენს რეზოლუციაშიც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ჩვენი რეზოლუციის პათოსსაც გაიზიარებს “, -აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო, პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. პარლამენტი ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. პარლამენტი რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე” – მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები