ირაკლი კობახიძე: რეფორმების წყალობით, საქართველომ მიაღწია სტაბილურობისა და სიმტკიცის უპრეცედენტო დონეს
„ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია შიდა სტაბილურობის ისეთ დონეს, რომელიც არასოდეს ყოფილა მიღწეული დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები” განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის განხორციელება წარმატებით შეუძლია.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ პარტნიორებსაც და მტრებსაც დაუმტკიცა, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია წარმატებით განახორციელოს სახელმწიფოებრივი მშენებლობა. პირველ რიგში, ჩვენ მოვახერხეთ გაგვეუმჯობესებინა ჩვენი მმართველობა, ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია, შევამცირეთ კრიმინალი და ამ ყველაფერს ჩვენ მივაღწიეთ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური პოლიტიკური თავისუფლების დარღვევის გარეშე.
ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია შიდა სტაბილურობის ისეთ დონეს, რომელიც არასოდეს ყოფილა მიღწეული დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში. დიახ, ჩვენ გვაქვს უთანხმოებები და ზოგჯერ სერიოზულიც, თუმცა წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, არცერთი მთავარი პოლიტიკური ძალა არ აცხადებს ხელისუფლებას არალეგიტიმურად ან არადემოკრატიულად”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რეფორმების წყალობით საქართველომ სტაბილურობისა და სიმტკიცის უპრეცენდენტო დონეს მიაღწია, თუმცა, ისევ მოწყვლადი რჩება გარე საფრთხეების მიმართ.
„ამ რეფორმების წყალობით, საქართველომ მიაღწია სტაბილურობისა და სიმტკიცის უპრეცედენტო დონეს. თუმცა, ჩვენ ისევ მოწყვლადი ვრჩებით გარე საფრთხეებისადმი და ამისათვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი რეგიონალური, ევროპული და ტრანსატლანტიკური კავშირები, რათა გავხდეთ ღირსეული წევრი დემოკრატიული საზოგადოებისა და ერთი სტაბილური ოჯახისა.
და ბოლოს, მსურს განვაცხადო, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას. საქართველო საგარეო პოლიტიკის სწორ გზაზე დგას და საქართველო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების სწორ გზაზე დგას. ჩვენი წარსული გამოცდილებისა და ნათელი ხედვის საფუძველზე, ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი პოლიტიკა ეფექტური და ლეგიტიმური ჩარჩოა საქართველოს მომავლისათვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება მხარს უჭერს ამ ხედვას, რომლის რეალიზებაც, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მოხდება. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სამმხრივ ფორმატში თანაშრომლობასა და საერთო მიზნების მისაღწევად, ერთად დგომაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი პოლიტიკური პარტია და მთავრობა მხარს უჭერს ამ ხედვას, რომლის რეალიზებასაც აუცილებლად მოვახერხებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების, ასევე მოკავშირეების დახმარებით და პირველ რიგში კი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით.
26 წლის წინ, ამ დღეს, მოლდოვას სუვერენიტეტზე შეტევა მიიტანეს სეპარატისტებმა, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ გარე ძალები. მას შემდეგ, სამივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არაერთხელ დამდგარა ასეთი გამოწვევის წინაშე. და სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ კვლავ ხაზს ვუსვამთ იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის გაერთიანება სამმხრივ ფორმატში და ერთად დგომა ჩვენი საერთო მიდგომების გამოსახატავად რეგიონალური გამოწვევების, დემოკრატიული რეფორმებისა და პროდასავლური მომავლის თაობაზე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.