კობა ნარჩემაშვილი: შეუძლებელია, დეფაქტო რეჟიმის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა ობიექტური იყოს
ის რაც ბოლოს მოხდა, ყოველგვარ ზღვარსაა გადასული და სრულიად აღმაშოფოთებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
შესაბამისი შეფასება მან პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ნარჩემაშვილის თქმით, აღნიშნული შემთხვევით, სეპარატისტული რეჟიმის რეალური სახე კარგად გამოჩნდა.
ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ ექსპერტიზა, რომელზეც ოსური მხარე საუბრობს, არ შეიძლება იყოს სანდო და სუბიექტური.
„არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი, ვფიქრობ, არის განსაკუთრებული შემთხვევა მთელი ამ ოკუპაციის განმავლობაში. თქვენ გახსოვთ, რომ მოქალაქეების გატაცების არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაგრამ ის, რაც ბოლოს მოხდა, ყოველგვარ ზღვარსაა გადასული და სრულიად აღმაშოფოთებელია. დეფაქტო, სეპარატისტული რეჟიმის ნამდვილი სახე გამოჩნდა, რასაკვირველია, მათ მფარველებთან ერთად. ძალიან ხშირად არის შედარებები ოთხოზორიას საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ იმ შეთხვევაში დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა კრიმინალმა, თუნდაც სეპარატისტული რეჟიმის მფარველობდით, ამ შემთხვევაში თვით დეფაქტო სისტემა გახდა ამ ადამიანის მკვლელი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული რა დასკვნაც არ უნდა დაიდოს სასამართლო-სამედცინო ექსპერტიზის, იმიტომ, რომ შეუძლებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იყოს ობიექტური, როცა ის არ ტარდება მინიმუმ მხარეთა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით და ატარებს მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმი, მათი მფარველების დახმარებით“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა, კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. დეფაქტო რეჟიმს ქართული მხარისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე არ გადმოუცია.