თეა წულუკიანი: პირადობის მოწმობები 1-ელ ნოემბრამდე უფასოდ გაიცემა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე, პირადობის უფასოდ გაცემის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული აქცია 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდება. მან ყველა იმ მოქალაქის კატეგორია ჩამოთვალა, რომლებიც უფასოდ მიიღებენ პირადობის მოწმობებს.
როგორც მან განმარტა, ამით კიდევ უფრო დახვეწილი და სანდო მონაცემები იქმნება არჩევნებისთვის.
“დღეს ცხადდება ახალი აქცია, რომელიც პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციას ითვალისწინებს 1-ელ ნოემბრამდე. აქციით ისარგებლებს ყველა ის სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი პირი, რომელიც 1-ელ ნოემბრამდე სრულწლოვანი გახდება და რომლსაც არ აქვს არც ერთი მოქმედი საბუთი, იქნება ეს პირადობის მოწმობა თუ პასპორტი. ასევე, ყველა იმ მოქალაქეს, რომლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოსურათი გამოუსადეგარია, უხარისხოა ან საარჩევნო უბანზე პირის იდენტიფიცირების საშუალებას ვერ იძლევა, ან კიდევ იმ მოქალაქეებს, რომელთა ფოტო ჩვენს სისტემაში არ ინახება. ჩვენი მიზანია, რომ ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმის პრინციპის დასანერგად, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მოქმედი პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი. ეს აქცია შეეხება იმათაც, ვინც არის მისამართის გარეშე დარჩენილი და/ან რეგისტრაციიდანაა მოხსნილი. გთხოვთ, მიმართოთ იუსტიციის სახლებს, სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს, 50 საზოგადოებრივ ცენტრს სოფლად, რომ კიდევ უფრო დახვეწილი და სანდო მონაცემები ვიქონიოთ ჩვენს საარჩევნო სიებში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.