„თამბაქოს ეპიდემიის მხრივ, საქართველო მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილზეა“
„საქართველოს საჯარო სკოლებში მე-10 კლასელებიდან მინიმუმ ყოველი მერვე (12%) რეგულარული მწეველია, ყოველ მეორეს გაუსინჯავს თამბაქო. ამასთან, თამბაქოს ეპიდემიის მხრივ, საქართველო მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილზეა“ – აღნიშნული ინფორმაცია გაერო-ს განვითარების ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაშია მოცემული, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდება.
დღეს, საქართველოს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, შსს-მ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნომ „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის შესახებ ისაუბრეს. ამავე სხდომაზე საკომუნიკაციო კამპანია „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“ გახსნეს.
კამპანიის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირება და მომზადება რეგულაციებისადმი, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება და რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს აკრძალვას გულისხმობს.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ამასთან, სკოლებში მე-10 კლასელებიდან მინიმუმ ყოველი მერვე (12%) რეგულარული მწეველია, ყოველ მეორეს გაუსინჯავს თამბაქო, ხოლო ყოველ მეხუთეს (19%) გაუსინჯავს ელექტრონული სიგარეტი. ქვეყანაში რეგულარული მწეველობის დაწყების ასაკი 13 წელია. ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ახალი დაავადებით 70 000 ადამიანი ავადდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11 000-ს შეადგენს, აქედან 300-მდე ბავშვია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმის კარგი შედეგი იქნება, თუ მწეველობის რაოდენობა ყოველ წელს 1%-ით შემცირდება.