თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განაცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, პირველი მარტიდან, გაზაფხულის სემესტრის გადასახადის დაფინანსებისთვის, განცხადებების მიღებას იწყებს. ამის შესახებ “კვირას” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

ქვეპროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000, ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.

“განცხადებები მიმდინარე წლის პირველი მარტიდან 31 მაისის ჩათვლით მიიღება. აუცილებელია,  განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში თავად სტუდენტმა წარადგინოს. დაფინანსების მისაღებად, სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • I სემესტრის სტუდენტებისთვის სავალდებულოა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • სამოტივაციო წერილი.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სემესტრულად, 562,5 ლარი ერიცხებათ, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, დაფინანსება 70% ან 100%-მდე იზრდება”,- აცხადებენ მერიაში.

2015-2017 წლებში, ქვეპროგრამის ფარგლებში, 6500-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა. მიმდინარე წელს კი, მისი ბიუჯეტი კიდევ 200 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 1 200 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები