ვიკა ქავჟარაძე – პირადი ჩანაწერები
“ვარ ჯიუტი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, ერთგული როგორც ადამიანების, ისე საქმის მიმართ, ზოგჯერ იმდენად ბევრ რამეს ვიღებ საკუთარ თავზე, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად მთელი გონებრივი და ფიზიკური რესურსის გამოყენება მიწევს. ყოველთვის მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც 10 და მეტი წელი შეუძლიათ ერთ ადგილზე მუშაობა.
ჩემი შინაგანი სამყარო იასამნისფერია. ზოგადად, ძალიან მომწონს იასამანი. მე ხომ გაზაფხული ყველაზე მეტად მიყვარს’’, – ამ სიტყვებით დაგვიხასიათა და გაგვაცნო საკუთარი თავი ძალიან საინტერესო, მეტყველი და შთამბეჭდავი, ცისფერი, ზღვასავით გამჭვირვალე, კეთილი თვალებით მომზირალმა ქალბატონმა. ვინც იცნობს, ნამდვილად დამეთანხმება, რომ ვიკა ქავჟარაძესთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირს… ის, პირველ რიგში, 3
შვილის, მზრუნველი და მოსიყვარულე, ყურადღებიანი დედაა. მისი კარგად ყოფნა ოჯახის თითოეული წევრის კარგად ყოფნის პირდაპირპროპორციულია. სიამოვნებას ანიჭებს საოცრად საინტერესო მეუღლის, თომა ჩაგელიშვილის გულშემატკივრობა, მის გვერდში დგომა. ამას ემატება სამსახური…
“როცა ჩემთვის საყვარელი საქმით ვარ დაკავებული თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ბედნიერება-შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაა და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უნდა ამყარებდეს ჯანმრთელობა და გარემო პირობები “, – ამბობს და გვიღიმის…
მისი ზღაპარი 1997 წელს, საინფორმაციო სააგენტო BGI-ში მუშაობის დროს დაიწყო და ის დღემდე გრძელდება. ამ გრძნობას ამყარებს სამი შვილი.
“ჩემი სამყარო ჩემი შვილებია. მათთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. გარდა ამისა, ჩემთვის წარმოუდგენელია, ვიჯდე სახლში და მხოლოდ ბავშვების მოვლით ვიყო დაკავებული. თვითრეალიზება ყველა ადამიანისთვის უმთავრესი მოთხოვნილებაა. მე 17 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე და დღემდე არ მახსოვს, თუნდაც ხანმოკლე პერიოდი, რამე საქმე არ მეკეთებინოს. ბევრ სამსახურში მიმუშავია, მქონდა სხვადასხვა პოზიცია, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად კმაყოფილი ვარ ჩემი საქმიანობით. მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს საკუთარი სატელევიზიო სტუდია და ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. ეს არის ჩემთვის თვითრეალიზაცია.
“ვიკას გარემოცვა ნათელი ფერისაა, მისი და თომას მეგობრების წრე საინტერესო და გულწრფელი… ყველაზე დიდი გულისტკივილი ადამიანების მხრიდან ღალატია.
“ასეთ ადამიანებს ერთხელ წავაწყდი ცხოვრებაში და ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ იძულებული გავხდი, სამსახურიდან წავსულიყავი”, – და მისი ცისფერი თვალებიდან სევდა იგრძნობოდა, რომელიც ძველი ამბის გახსენებას დღესაც სდევდა თან…
სამომავლო გეგმები იმდენად ბევრი აქვს, ეეჭვება, ამ ყველაფრის განხორციელებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ეყოფა, თუ – არა.
“მინდა საყვარელი ფრაზაც დაგიტოვოთ, მაგრამ ბედნიერებისთვის ცოტა ნამდვილად არ მჭირდება. ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ჩემი ახლობლების მხრიდან რამე პოზიტიურს ვიგებ. მაგალითად, ვიღაცამ კარგ სამსახურში დაიწყო მუშაობა, ან ნებისმიერი სხვა ამბავი, რომელიც გამახარებს’’.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=M2DupgB2iXU&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]