თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება

7-9 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება.
თსუ-ს ინფორმაციით, ამ ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
8 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება თსუ-ს გერბი უნივერსიტეტის ცენტრალური შენობის ფოიეში. მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავების, ფოლკლორული ანსამბლებისა და სუხიშვილების საბალეტო დასის მონაწილეობით გალაკონცერტი გაიმართება.
საიუბილეო დროშები გამოიფინა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, საქართველოს პარლამენტის შენობაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში; უნივერსიტეტის ფერებში საზეიმოდ განათდება უნივერსიტეტის შენობის ფასადი, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე გამოფენა გაიმართება, მათ შორის საგულისხმო იქნება პირველი საუნივერსიტეტო წიგნის, უნივერსიტეტის ისტორიის და თსუ-ს არქეოლოგიური ექსპედიციების აღმოჩენების ექსპოზიციები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერება ხელი.
თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე ოთხი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ქართველოლოგიური ცენტრების შექმნასა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით განზრახულობათა ოქმებს მოაწერენ ხელს.
გაფორმდება მემორანდუმები თსუ-სა და ევროპის 5 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის.
გაიამრთება საერთაშორისო სიმპოზიუმი – „უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე“, რომელშიც მონაწილეობენ უმაღლესი განათლების ექსპერტები და ევროპული უნივერსიტეტების დელეგაციები.
ასევე, საპატიო დოქტორის მინიჭების ოფიციალური ცერემონიაზე თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება ევროპისა და აშშ-ის 7 უნივერსიტეტის რექტორებს და 3 უნივერსიტეტის პროფესორებს მიენიჭებათ.
100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა გამორჩეული დიზაინის 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, მალე მიმოქცევაში იქნება საიუბილეო საფოსტო მარკა.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართება – ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო“, – ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.
თსუ-ს ინფორმაციითვე, იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურ მილოცვას აგზავნის და უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს იუბილეს ულოცავს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის მთელი ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო დონეზე დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები