მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურები დაინერგება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურების დანერგვას იწყებს. ამ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, ტერიტორიებზე მოწყობილი ვირტუალური რეალობის საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ მოქალაქეებსა და ტურისტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ.
პროექტი ამავდროულად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვირტუალური სტენდის ადაპტირებულ მოწყობასაც, რაც მისი შინაარსობრივი გადაწყვეტის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უწყებრივი გაერთიანების ქვეშ შემავალი მუზეუმ-ნაკრძალებიდან ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი სტენდი პირველად უფლისციხის კომპლექსზე ადაპტირდა, სადაც მისი პირველი მომხმარებლები გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელები გახდნენ.
დღესვე უფლისციხის კომპლექსის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესა და კომპანია „ვირექს იმერსივის“ აღმასრულებელ დირექტორ ნიკოლოზ გოგოჭურს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც სააგენტოს სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და საიმიჯო ღონისძიებების ერთობლივ დაგეგმვა-განხორციელებას ითვალისწინებს.
უფლისციხის კომპლექსზე მოწყობილი Vrex box-ის ვირტუალური სტენდი კლდეში ნაკვეთი ქალაქის სფერული ვიდეოგადაღების მეთოდით ინსტალირებულ 3D ფორმატის გამოსახულებასთან ერთად, მასში ინტეგრირებულ აუდიოგიდის მრავალენოვან სერვისსაც მოიცავს. ვირტუალური რეალობის პრეზენტაციის გამშვები სპეციალური აპლიკაცია, მზერის დაყოვნების საშუალებით, ინტერაქტიულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სფერულ ვიდეომასალაში მომხმარებლის მარტივ ნავიგაციას და გრაფიკული ეფექტებით გაფორმებული ინფორმაციის ჩვენებას.
მაღალი წარმადობის ვირტუალური რეალობის სტენდებით უახლოეს მომავალში ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსიც აღიჭურვება. ასევე მოკლე დროში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის, ანაგოგიური ტექნიკური დანადგარი ადაპტირდება რ. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფისშიც. სამომავლოდ კი ვირტუალური რეალობის სტენდებით სააგენტოს ყველა მუზეუმ-ნაკრძალი აღიჭურვება, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები