„თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ – ახალი შემეცნებითი პროექტი დაიწყო

„თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ – ამ სახელწოდებით დედაქალაქის საკრებულომ, წარმომადგენლობითი ორგანოს  თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით, ახალი შემეცნებით-კულტურული ხასიათის  პროექტი დაიწყო.
როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, აღნიშნული პროექტი მიზნად, ახალგაზრდებისთვის და ზოგადად ყველა მსურველისთვის, თბილისის ისტორიის გაცნობას ისახავს.  მარიკა დარჩიას თქმით,  ყოველი თვის პირველ შაბათს საკრებულოს კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც თბილისის ისტორია და დღევანდელი დღე აინტერესებს.
„პროექტში, საკრებულოს ინიციატივით,  ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები,  პოლიტიკოსები  და ის ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებიც დედაქალაქის ისტორიას განსხვავებული კუთხით იცნობენ. გარდა თბილისის ისტორიისა, ისინი  სტუმრებს   თვითმმართველობის განვითარების ეტაპების შესახებ ისტორიულ  ექსკურსს ჩაუტარებენ და საკრებულოს ახლანდელი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრებენ“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
პროექტის პირველი ღონისძიების ფარგლებში, ორი საათის განმავლობაში, სტუმრებს  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, არქიტექტორმა თამაზ გერსამიამ და მხატვარმა ქეთი მატაბელმა უმასპინძლეს.  საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ძველი და ახალი თბილისის თემაზე შექმნილი  ფოტოკოლაჟი და მხატვარ ქეთი მატაბელის „თბილისის“  პერიოდის ნამუშევრები გამოიფინა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები