ლალისყურის ციხეს – ჩოლოყაშვილების საგვარეულოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე XVIII-XIX საუკუნეების ლალისყურის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ციხემ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 9 იანვრის ბრძანებით მიიღო.
ციხე ააგო კახეთის მეფე დავით II იმამ-ყული-ხანმა 1702-1722 წლებში. ვახუშტისთან იხსენიება, როგორც ლეკებთან ბრძოლის მთავარი საყრდენი. პლატონ იოსელიანის თქმით, ის თავად ჯარდან ჩოლოყაშვილს ეკუთვნოდა. მისივე თქმით, 1742 წ. ციხე მნიშვნელოვნად დანგრეულა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მაგრამ ციხე ერეკლე მეორის ბრძანებით 50-ან წლებში აღუდგენიათ.
მეცხრამეტე საუკუნეში ციხემ გარკვეული ცვლილება განიცადა – ეზოში აშენდა სასახლე და გადაკეთდა სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი.
კედლებში ფართო სარკმლებია დატანებული. კოშკს გარედან კონტრფორსები აქვს მიშენებული. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი აღარ შემორჩა – ის მდინარემ დაანგრია. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ოთხსართულიანი ყოფილა. მეოთხე სართული აღარაა შემორჩენილი. დანარჩენ სამ სართულს ეზოს მხრიდან კარი აქვს, რომელთა პირდაპირ მეორე და მესამე სართულზე ბუხრებია გაკეთებული. ყველა სართულზე დატანებულია სათოფურები.
გალავნის შუაში ჩართული კოშკები ნახევრადცილინდრულია. ისინი სამსართულიანები ყოფილა. შემორჩენილია პირველი და მეორე სართულები, მესამე სართული ნაწილობრივ. კოშკებს პირველ სართულებზე სათოფურები და სარკმლები აქვთ, მეორე სართულზე მათ ბუხრებიც ემატებათ. გალავნის სამხრეთი კედლიდან 5 მეტრის დაშორებით დგას გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია სამრეკლოთი.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე შეისრულთაღიანი სარკმელია გაჭრილი. მის ორივე მხარეს თითო ასევე შეისრულთაღიანი ნიშია. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და წინ ნახევარწრიული ამბიონი აქვს. სარკმლის წინ სწორკუთხა აგურის ტრაპეზია. ორ-ორი შეისრული სარკმელი ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებშიცაა. დარბაზი ორ ნაწილადაა გაყოფილი გრძივ კედლებში ჩართული წყვილი პილასტრით, რომელზეც კამარის საბჯენი თაღი გადადის. ასეთივე წყვილი პილასტრი და მასზე გადასული თაღია დასავლეთი კედლის კიდეებში. პილასტრებს შორის აგურით დეკორატიული შეისრული თაღნარია გაკეთებული. ტაძარი გადახურულია კრამიტით. ეკლესიას დასავლეთიდან მიდგმული აქვს თანადროული სამსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული სამი მხრივ თაღებით გახსნილი კარიბჭეა, მეორე სართული საცხოვრებელი ოთახი, მესამე სართული ფანჩატურიანი სამრეკლო იყო, რომელიც ამჟამად მონგრეულია.