“შეგვიძლია მივიღოთ პაკეტი, რომელიც თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. გირგვლიანის შესწორებების შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივას არ იცნობს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, რომელიც, მისივე თქმით, მომავალში თავიდან აგვაცილებს ერთი ადამიანის წინააღმდეგ ხელისუფლების შეთქმულებას.
“გირგვლიანის მკვლელობა და ეს საქმე არის ჩვენი ქვეყნის ტკივილი. მე, სამწუხაროდ, არ ვიცნობ იმ ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა ჩვენი კოლეგების მიერ, თუმცა თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პაკეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ – საუბარია ხელისუფლების შეთქმულებაზე ერთი ადამიანის წინააღმდეგ – ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ასეთ პაკეტს მე მხარს დავუჭერ”, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საბჭოთა გადმონაშთი იყო ის შეთქმულება, რომელიც წინა ხელისუფლებამ გირგვლიანის წინააღმდეგ მოაწყო და ასევე ის, რასაც ამ შეთქმულებისთვის ხელის დასაფარებლად აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია “ქართული ოცნება” სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების – ე.წ. გირგვლიანის შესწორებების მიღების ინიციატივით გამოდის, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები