გავაზის ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის XV-XVI საუკუნეების ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან აცნობეს, ძეგლმა სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2018 წლის 9 იანვარს გამოცემული ბრძანებით მიიღო.
დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გამოყენებულია აგურიც. აბსიდაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტი. გამოსახულება აღარ აღიქმება. კოლორიტში ჭარბობს წითელი და ყავისფერი ფერი, რაც ეკლესიის აშენების პერიოდის მხატვრობისთვისაა დამახასიათებელი.
ტაძარზე დასავლეთიდან მიდგმულია თანადროული ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვით. კარიბჭის შესასვლელის ორივე მხარეს თითო მოგრძო ქვაა ჩადგმული, რომელზეც ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერა იკითხება.