ელდარ შენგელაია – 85: კულტურისა და სპორტის სამინისტროში საზეიმო მიღება გაიმართება

ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 85 წლის გახდა. 26 იანვარს, 13:00 საათზე, რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს კინოაკადემია საზეიმო მიღებას უმასპინძლებენ.
ღონისძიებას ცნობილ ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი – ზაზა ურუშაძე დაესწრებიან. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ზაქრია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები.
ელდარ შენგელაიას სარეჟისორო მოღვაწეობა ათეულობით წელს ითვლის. ყველასთვის საყვარელი ფილმებით – „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ავტორმა, ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნა; მის სახელს უკავშირდება, არაერთი საერთაშორისო ჯილდო და საპატიო პრემია.
ელდარ შენგელაია შემოქმედებით საქმიანობას კვლავაც აგრძელებს. 2017 წელს, რეჟისორმა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სავარძელი“ გადაიღო, რომლის მსოფლიო პრემიერაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები