ელტონ ჯონი საქართველოში ორ კონცერტს ზაფხულში გამართავს

ბრიტანელი როკმუსიკოსი ელტონ ჯონი საქართველოს ორი კონცერტით ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის ფეისბუქის გვერდმა გაავრცელა.
დაგეგმილ ღონისძიებებში ხაზგასმულია, რომ მომღერლის კონცერტი 30 ივნისს და 1-ელ ივლისს შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.
მანამდე ქართული მედია ავრცელებდა  ინფორმაციას, რომ  საქართველოში დაგეგმილი კონცერტები შესაძლოა, გადადებულიყო. ამის საფუძველი გახდა ელტონ ჯონის მიერ 24 იანვარს ნიუ-იორკში გამართული საგანგებო პრესკონფერენცია, სადაც მან გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეზე ისაუბრა.
70 წლის მუსიკოსის მსოფლიო ტურნე 2020 წლამდე გაგრძელდება.
მას სურს სცენიდან ლამაზად წავიდეს. „მინდა ხალხმა თქვას: „ვნახე მისი გამოსამშვიდობებელი ტურნე და საოცარი იყო”, – აღნიშნა მუსიკოსმა. ელტონ ჯონის აზრით, მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე  ოჯახმა და ბავშვებმა გადმოინაცვლეს.
ელტონ ჯონმა  მსოფლიოს 80 ქვეყანაში ოთხი ათასზე მეტი კონცერტი გამართა. მან 31 პლატინის და 38 ოქროს ალბომი გამოსცა.
შარშან მუსიკოსმა 87 კონცერტი გამართა. 28 იანვარს, ელტონ ჯონი „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე იმღერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები