ლაშა ნაცვლიშვილი: შეწყალება და საპროცესო გარიგება ერთმანეთს ჰგავს, არსად წერია, რომ შეთანხმების უკანონოდ დადება ისჯება

„შეწყალება და საპროცესო გარიგება ერთმანეთს ჰგავს, არსად წერია, რომ შეთანხმების უკანონოდ დადება ისჯება“ – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს.
ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის მიმართ ვერდიქტი წინასწარ ჰქონდა გამოტანილი.
ამასთან, ნაცვლიშვილი ამ მოსაზრებას განმარტავს და აცხადებს, რომ მარგველაშვილმა განაჩენი ქვეყნის სირცხვილად მაშინ გამოაცხადა, როდესაც ეს განაჩენი თვალით არავის უნახავს.
„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, როგორც კი გამოცხადდა სააკაშვილის განაჩენი, რამდენიმე წუთში გააკეთა მისმა ადგილმონაცვლემ განცხადება და ეს განაჩენი ქვეყნის სირცხვილად გამოაცხადა. კაცობის ისტორიაში ალბათ არ არსებობს ისეთი პრეცედენტი, როდესაც პრეზიდენტი აცხადებდეს უკანონოდ განაჩენს, რომელიც თვალით არ უნახავს. არა თუ მას, არამედ დედამიწის ზურგზე არავის უნახავს, იმიტომ, რომ ეს განაჩენი არ გამოქვეყნებულა. ანუ მას ამ განაჩენის მიმართ ვერდიქტი წინასწარ ჰქონდა გამოტანილი. ის რომ შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება – ამ უფლებას არავინ ართმევს და ამ უფლების ეჭვქვეშ დაყენება არავის უცდია“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, შეწყალება და საპროცესო გარიგება შინაარსობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
„კანიბალიზმი არის აღწერილი სისხლის სამართლის კოდექსში?! სადმე წერია, რომ ადამიანის შეჭმა ისჯება? ხომ არ წერია. შეწყალება შინაარსობრივად ძალიან ჰგავს საპროცესო შეთანხმების დისკრეციულ უფლებას, რომელიც აქვთ პროკურორებს. სისხლის სამართლის კოდექსში არსად წერია, რომ საპროცესო შეთანხმების უკანონოდ დადება ისჯება. თუ რომელიმე პროკურორი საპროცესო შეთანხმებას დაუდებს ბრალდებულს იმ პირობით, რომ ამ ბრალდებულმა არ ამხილოს პროკურორის მეგობარი და ამისთვის მას შეუმსუბუქებს სასჯელს, თუ დადგინდა, დადასტურდა გამოძიებით და სასამართლო სხდომაზე, რომ დიახ, პროკურორმა გამოიყენა თავისი კანონისმიერი, დისკრეციული უფლება დაედო საპროცესო შეთანხმება ბრალდებულთან, ოღონდ დადგინდა, რომ ამის მოტივაცია იყო თავისი მეგობრისთვის უპირატესი მდოგმარეობის შექმნა. უნდა დაისაჯოს თუ არა ის? რა თქმა უნდა – უნდა დაისაჯოს და დაისაჯოს იმ მუხლით, რომლითაც გასამართლდა სააკაშვილი. ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. საერთოდ რომ არ შეეწყალებინა სააკშვილს ეს ბრალდებულები, მას უმოქმედობის დელიქტი მაინც სახეზე ექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია არა ის რასაც აკეთებს, არამედ მნიშვნელოვანია ვინ არის ბენეფიციარი იმისა, რასაც ახლა აკეთებს ბატონი მარგველაშვილი. უფრო მნიშვნელოვანია, როგორი აუტანელი სიმსუბუქით, წარბშეუხრელად აკეთებს ამას – ამაში გვანან ის და სააკაშვილი ერთმანეთს“,- განმარტა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები