The New York Times: ილია მეორემ ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და პატივსაცემ ინსტიტუციად აქცია
ამერიკული გამოცემა The New York Times-ი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შესახებ მასალას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მან ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია ძლიერ და გავლენიან ინსტიტუტად გარდაქმნა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მისი პატრიარქობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკლესიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აღდგა და აშენდა ტაძრები, განვითარდა სასულიერო განათლება, ხოლო თავად ეკლესია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.
“როდესაც საქართველო საბჭოთა რეპრესიებიდან და სამოქალაქო დაპირისპირებიდან თანამედროვე სახელმწიფოებრიობაზე გადასვლის გზას გადიოდა, ილია II-მ უწყვეტობისა და სულიერი სტაბილურობის განცდა შესძინა დაძაბულ პერიოდებში.
როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ინსტიტუტის – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის – ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოღვაწე პატრიარქმა, ილია II–მ ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და პატივსაცემ ინსტიტუციად აქცია”,- წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ილია II-ის გავლენა მხოლოდ რელიგიური სფეროთი არ შემოიფარგლებოდა და იგი საქართველოს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.