ისრაელი ნინო ანანიაშვილისა და საქართველოს საბალეტო დასის ტრიუმფის მოლოდინშია

 საქართველოს ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში პაატა კალანდაძემ საელჩოში შეხვედრა გამართა ისრაელის საერთაშორისო კულტურული პროექტების მენეჯერთან – ოფერ ზაკთან, საქართველოს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ისრაელში ვიზიტთან  დაკავშირებით. დასი ისრაელს საგასტროლოდ 20-27 თებერვალს ეწვევა.
დასის ხელმძღვანელი და საგასტროლო პროგრამის მთავარი ქორეოგრაფი მსოფლიოში სახელმოხვეჭილი პრიმა-ბალერინა და გამოჩენილი ქორეოგრაფი, ნინო ანანიაშვილია.
ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის პრესა უკვე აჭრელებულია ნინო ანანიაშვილთან მომავალი შეხვედრისა და მის უზადო ნიჭიერებასთან ზიარების მოლოდინით აღსავსე სტატიებით.
აღსანიშნავია, რომ ეს ქართული საბალეტო დასის პირველი ვიზიტია ისრაელის სახელმწიფოში და, ბუნებრივია, საქართველოს საელჩო, გასტროლების ორგანიზატორებთან ერთად, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საბალეტო ხელოვნების დიდი ტრადიციების მქონე საქართველოს ღირსეულ დონეზე წარმოჩენას.
ქართული საბალეტო დასის გასტროლები ისრაელის სახელმწიფოებრიობის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საყოველთაო ღონისძიებათა სიაშია შეტანილი და კონცერტები ისრაელის ოთხ ქალაქში: იერუსალიმში, ჰაიფაში, ჰერცილიასა და ბეერ-შევაშია დაგეგმილი. საკონცერტო პროგრამა ერთობ მრავალფეროვანია. იგი კლასიკურ წარმოდგენებთან ერთად, თანამედროვე საბალეტო ხელოვნების შედევრებსაც მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები