ექიმებმა 11 თვის ჩვილის სხეულში 13 ნემსი იპოვეს
უზბეკეთში, ექიმებმა 11 თვის ჩვილის სხეულში 16 ნემსი იპოვეს, რომლებიც მის სხეულში დაახლოებით ერთი თვე იყო მოთავსებული. ამის შესახებ უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა.
ადგილობრივი გამოცემის „kun.uz“ -ის ინფორმაციით, ექიმებმა ბავშვის სხეულში ნემსები მას შემდეგ იპოვეს, რაც მისმა დედამ დახმარებისთვის მიმართა და ჩვილს რენტგენი გადაუღეს. მას რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვთა განყოფილების უფროსმა, პროფესორმა აკიმოვმა განაცხადა, რომ რადგან ნემსები სხეულის სხვადასხვა ნაწილში იყო, მათ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ გადაყლაპავდა – „ცხრა საათიანი ოპერაცია ჩატარდა, ჩვილის სხეულიდან 13 ნემსი ამოვიღეთ, ხოლო დანარჩენ 3 ნემსს, პაციენტის ასაკის გათვალისწინებით, მომდევნო ოპერაციაზე ამოვკვეთთ“. პროფესორის თქმით, ახლა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ანალიზების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ნემსები ბავშვის ორგანიზმში დაახლოებით ერთი თვე იყო. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.