თბილისის საკონცერტო დარბაზში მხატვრული ფილმის – „ექვთიმე ღვთისკაცის“ გრანდიოზული პრემიერა შედგა

„გაბედე ოცნება და არასოდეს არ დანებდე“, – ამ დევიზით და პატრიოტული სულისკვეთებით რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის გმირის ცხოვრება კინოფირზე გააცოცხლა. საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის შესახებ მხატვრული ნამუშევარი ქართველი ხალხის მხარდაჭერით შეიქმნა. სიმბოლიკებით აღსავსე გზა შემოქმედებითმა ჯგუფმა თითქოს ექვთიმე თაყაიშვილის მფარველობით გაიარა.
20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ექვთიმემ ათასობით ადამიანი შეკრიბა და  ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ გრანდიოზული პრემიერაც შედგა წითელი ხალიჩითა და ოფიციალური მიღებით. პრემიერისთვის სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე შემოქმედებითმა ჯგუფმა გაიარა.
ფილმის ჩვენებამ, რომლის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს, ხმამაღალი ოვაციების ფონზე ჩაიარა. კინოსურათის მთავარი გმირი, რომელსაც რეზო ჩხიკვიშვილი განასახიერებს, 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს – ცდუნებას! სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.
„ეს ჩემი პროფესიული საქმიანობის გვირგვინია. ამ ნამუშევარმა უდიდესი სულიერი საზრდო მომიტანა. ეს არ იყო როლის თამაში. თითოეული სიტყვა, თითოეული ეპიზოდი მტკიოდა მასთან ერთად და იმედი მაქვს, რომ ეს ფილმშიც აისახა“, – რევაზ ჩხიკვიშვილი.
როგორც რეჟისორი აცხადებს, „ექვთიმე ღვთისკაცს“ წელს სხვადასხვა კინოფესტივალზე და მათ შორის ბერლინალეზეც ვიხილავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები