ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წიგნის – „წამება ქეთევან დედოფლისა“ წარდგენა გაიმართება
23 იანვარს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება წიგნის – „წამება ქეთევან დედოფლისა“ წარდგენა და გაყიდვა.
ისტორიული პოემის ჟანრის პირველი ნიმუში „ქეთევანიანი“, თეიმურაზ პირველის, ქეთევან დედოფლის ვაჟის მიერაა დაწერილი.
როგორც „კვირას“ ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პოემა მოიცავს მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს, რომლებიც დედოფლის ტყვედ ყოფნას და მის მოწამეობრივ აღსასრულს უკავშირდება. საინტერესოა, რომ პოემაში აღწერილია თეიმურაზის, როგორც შვილის ემოციები და ასევე, როგორც მეფის – ქვეყნის უმაღლესი იერაქრის – დამოკიდებულება მიმიდნარე მოვლენებისადმი.
ჩვენამდე ხელნაწერის ავტოგრაფიულ ნუსხას არ მოუღწევია, შესაბამისად კრიტიკულად დადგენილი ტექსტი შეჯერდა მოგვიანო პეირიოდის XVIII საუკუნის ხელნაწერების შედარების შედეგად. ტექსტს ახლავს კითხვასხვაობანი, დართული აქვს კომენტარები და შესავალი.
ტექსტის დამუშავებისას გამოყენებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული არქივის კოლექციებში დაცული ხელნაწერები.
წიგნში ქეთევან დედოფალი განხილულია არა მხოლოდ როგორც წმინდა მოწამე, არამედ როგორც კარგი პოლიტიკოსი, დიდი დიპლომატიური ნიჭის პატრონი.
პრეზენტაციაზე საუბარი იქნება წიგნის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე.
ტექსტი მოამზადა, შესავალი და კომენტარები დაურთო თეა ქართველიშვილმა. რედაქტორი მიხეილ ქავთარია; რეცენზენტები: მზია სურგულაძე, ნანა ჩიკვატია; საგამომცემლო ჯგუფი: ირმა ბერიძე, ლანა გრძელიშვილი, ვლადიმერ პერანიძე.
მსურველებს შეუძლიათ წიგნი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაღაზიაში შეიძინონ.