ქართველმა მეცნიერმა ჯონი აფაქიძემ გერმანიის ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

 ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტში ქართველმა მეცნიერმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ ლექცია წაიკითხა.  ამის შესახებ თავად ჯონი აფაქიძე ავრცელებს ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„გუშინ ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტის უძველეს და ძველი ისტორიის ინსტიტუტში წავიკითხე მოხსენება საქართველოს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურებისა და საქართველოში არქეოლოგიის განვითარების შესახებ (მოხსენების ზუსტი სათაურია: „Archäologie in Georgien. Bronze – und Früheisenzeit in Georgien (Grabungen und Ergebnisse”).
ამ არქეოლოგიის ინსტიტუტის მასშტაბები მართლაც რომ შთამბეჭდავია. კვლევები ტარდება ინტერდისციპლინური კუთხითაც. ევროპის ამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და თანამედროვე სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტში 70 თანამშრომელი მუშაობს. ამ ყველაფრის თავკაცია პროფესორი იოჰანეს მიულერი.
გერმანელი მეცნიერების კვლევის შედეგები ყოველთვის მნიშვნელოვანია. მათი კოლეგიალობა და დამოკიდებულება კი – სამაგალითო. ყველაზე მეტად მაინც გამიხარდა, რომ ჩემს მოხსენებაზე მრავალი დამსწრე მოვიდა.
მოხსენების დაწყებამდე პროფესორმა მიულერმა და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დამათვალიერებინეს ქალაქი. ესაა ზღვისპირას მდებარე ლამაზი და მშვიდი ქალაქი. აქ სულ 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ნორვეგიის საზღვრამდე კი მხოლოდ 100 კილომეტრია… ქალაქში ზღვისა და მარილის სუნი იგრძნობა. სოხუმი გამახსენდა ნოსტალგიურად: ზღვა მაინც სულ სხვაა…
მრავალი ახალი საინტერესო მეცნიერი გავიცანი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დღეს ძალიან კმაყოფილი კმაყოფილი ვბრუნდები ბერლინში“, – წერს ჯონი აფაქიძე.
ცნობისათვის: შარშან გერმანელ მეცნიერთა საზოგადოებამ ქართველ არქეოლოგს – ჯონი აფაქიძეს ცნობილი გერმანელი მეცნიერის, მერკატორის სახელობის სამეცნიერო პოზიცია: Mercator-Fellow მიანიჭა. იგი ამჟამად გერმანიაში, ბერლინის გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილებაში მოღვაწეობს და  სამეცნიერო სამუშაოებს ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები