აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი – ოკუპაციის ერთი სცენარი და განსხვავებული მეთოდი

სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და ახლა უკვე ყირიმი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ექსპერტების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ფედერაციულმა ხელისუფლებამ ანექსიის მეთოდები დახვეწა. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ყირიმის საოკუპაციო ქმედებებს შორის პარალელებს ხშირად ავლებენ და აღნიშნავენ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ერთი და იგივე სცენარით მოქმედებს.
საგარეო ურთიერთობების ექსპერტი კახა გოგოლაშვილი „კვირასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა რუსეთმა ცინიკურად შელახა. მისი თქმით, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყირიმში რუსეთის ოკუპაციის სცენარი იდენტურია. როგორც ექსპერტი განმარტავს, რუსეთს ერთი მეთოდი აქვს – რუსულენოვანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სეპარატისტული მოძრაობის გაღვივება, მათი დაფინანსება და შესაბამისი პლაცდარმის შექმნა, რათა შემდეგ  ეს ტერიტორიები მიითვისოს.
1398697845-4959„რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსულენოვან რეგიონებში მოახდინა სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერა და კონფლიქტების გაღვივება. ამ ძალების ფინანსური მხარდაჭერა, შესაბამისი პლაცდარმის შექმნა და შემდეგ სამხედრო ძალით მათი მითვისება.  პრაქტიკულად იგივე მოხდა ყირიმში და იგივე ხდება ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში. განსხვავება ის არის, რომ სამხრეთ ოსეთში პროცესი პირდაპირ  სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მრავალმხრივი მეთოდებია გამოყენებული – ე.წ. ჰიბრიდული ომის მეთოდი. ამ დროს, ძირითადად, იყენებენ არა საკუთარ არმიას, არამედ სხვადასხვა ,,ბოევიკებს” და მათთან ერთად მოსახლეობის ნაწილს, რომლებშიც აღვივებენ პროტესტს. სწორედ ისინი ახორციელებენ შეტევას მოწინააღმდეგის პოზიციებზე.  მოწინააღმდეგედ ითვლება ქვეყანა, რომელიც თავს იცავს. სამხედრო ძალა მოვლენებს შორიახლოდან აკვირდება და  ინტერვენციით იმუქრება. იმ შემთხვევში, თუკი  „ჰიბრიდულ“ დანაყოფებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს, ის სამხედრო ძალას გამოიყენებს“, – განმარტავს ექსპერტი.
კახა გოგოლაშვილის თქმით, ამჟამად რუსეთს საქართველოში აღნიშნული მეთოდის გამოყენების ნაკლები შანსი აქვს. მისივე თქმით, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების – აზერბაიჯანელებისა და სომხების რუსეთის პროვოკაციაში ჩაბმის სურვილი არ აქვთ. ამასთან, ფედერაციული რესპუბლიკა  ახლა უკრაინულ ავანტურებშია ჩაბმული და საქართველოსთვის არ სცალია.
„ამჟამად, რუსეთს საქართველოში საყრდენი ნაკლებად აქვს. ეთნიკურ უმცირესობებში – აზერბაიჯანელებსა და სომხებში სხვა სიტუაციაა და სხვა ინტერესებია. აზერბაიჯანელებს რუსებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. რაც შეეხება სომხებს, ისინი შეიძლება უფრო პრორუსულები არიან თავისი შეხედულებებით. მიუხედავად ამისა, მათ არ აქვთ მძლავრი სურვილი, რომ პროვოკაციებში ჩაებან. რუსეთს ძალიან გაუჭირდება პლაცდარმის მონახვა საქართველოში. თუმცა, რომ არ იყოს ასეთ დიდ, უკრაინულ ავანტურაში  ჩართული, შეიძლება ეს განეხორციელებინა. პუტინის ხელისუფლება ამ მომენტში ძალიან დაკავებულია უკრაინის პრობლემებით და ნამდვილად გაუჭირდება საქართველოში იგივე სიტუაციის აგორება“, – აღნიშნავს ექსპერტი.
კახა გოგოლაშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოში პლაცდარმის შექმნის სხვა გზებზეც საუბრობს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რუსეთი მეზობელ ქვეყანაში პასპორტების დარიგებით მიმზიდველ ფონს ქმნის და მოსახლეობას რუსეთში მუშაობის პერსპექტივით და რუსული პენსიებით ხიბლავს.

ნიცა ბუხნიკაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები