თბილისის გენგეგმა დროულად უნდა დამტკიცდეს, შენიშვნები კი მუშაობის პროცესში გასწორდეს – არქიტექტორი

არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი დადებითად აფასებს ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” მიერ მომზადებულ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს და აცხადებს, რომ ​​გენგეგმის დამტკიცება დროში არ უნდა გაიწელოს, ხოლო შენიშვნები მუშაობის პროცესში გასწორდეს.
როგორც “სითი კვირას” თამაზ დოგრაშვილმა განუცხადა, ის კარგად იცნობს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს და მიაჩნია, რომ მათ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწიეს, ფაქტობრივად, დიდი საპროექტო ჯგუფის საქმეს, რამდენიმე ადამიანის გაერთიანებამ გაართვა თავი.
“ძალიან კარგად ვიცნობ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს. ეს არის კონკურსში გამარჯვებული ჯგუფი და ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული მათ პროფესიონალიზმში. შენიშვნები, რომელიც გენგეგმის პროექტის მიმართ გამოითქვა, საგანგაშო არ არის და ისინი უმოკლეს დროში გასწორდება, ხოლო გენგეგმა კიდევ უფრო დაიხვეწება”,- მიაჩნია თამაზ დოგრაშვილს.
​მისივე შეფასებით, “სითი ინსტიტუტი-საქართველომ” წარმოუდგენლად მოკლე ვადებში შეძლო თბილისის გენგეგმის მომზადება, ახლა გენგეგმის უკვე არსებული პროექტი უნდა დამტკიცდეს და გაგრძელდეს მუშაობა ხარვეზების გამოსასწორებლად.
“მგონია, რომ არის მეორე ჯგუფი, რომლის ინტერესებშიც არ შედის თბილისის გეგმიური განვითარება და ყველანაირად ცდილობენ გენგეგმაში, რაც შეიძლება მეტი ხარვეზი აღმოაჩინონ. მე ამას ვხედავ და ვგრძნობ, რომ უნდათ დაბრკოლდეს გენგეგმის დამტკიცება. უნაკლო გენგეგმა არ მიიღება ასეთ მოკლე დროში, პირიქით ეს უნდა დამტკიცდეს და დამტკიცების შემდეგ ხარვეზები გამოსწორდეს”, – აცხადებს არქიტექტორი.
თამაზ დოგრაშვილის აზრით, ახლა უმთავრესია ​გენგეგმის ჯგუფის მიერ შეთავაზებულ წინადადებებსა და პრიორიტეტებს მიეცეთ მსვლელობა, დაიწყოს მათი რეალურ ცხოვრებაში განხორციელება, შეწყდეს ქაოტური მშენებლობები და სახლების სოკოებივით მომრავლება დასრულდეს.
“პროფესიონალური თვალსაზრისით ძალიან კარგი გენგეგმაა, ძლიერი საპროექტო ჯგუფი მუშაობს და რასაც ისინი გვთავაზობენ, საზოგადოებისთვის სავსებით მისაღებია. ცოტა ხელოვნურად არის ატეხილი ხმაური. მაპატიოს მავანმა და მავანმა, მაგრამ აქ უფრო მხარდაჭერაა საჭირო ვიდრე ჯარიმა”, – მიაჩნია თამაზ დოგრაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები