პროფესიული პროგრამების პირველ საფეხურზე მისაღები გამოცდები დაიწყო

   პროფესიული პროგრამების პირველ საფეხურზე მისაღები გამოცდები იწყება. როგორც “კვირას“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გაზაფხულის პროფესიული ტესტირება დღეს, 09:00 საათზე დაიწყო.
ცენტრის ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე მისაღები გამოცდებისთვის დარეგისტრირებულ 5 000-მდე მსურველს, საქართველოს 17 ქალაქში გახსნილი 31 საგამოცდო ცენტრი მოემსახურება. აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს უფასოდ გააგრძელებენ სწავლას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 18 პროფესიულ და 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც პროფესიული პროგრამები ხორციელდება.
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება კურსის მოცულობის მიხედვით 5 თვიდან – 2 წლამდე.
“2013 წელს, “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა” პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს. ეს მოდელი ეყრდნობა პროფესიული ორიენტაციისა და სახელობო პროფესიებისათვის პერსონალის შერჩევის ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებს, საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას, ასევე, არსებული რეალობის ანალიზს. ტესტირების მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარები და შესაძლებლობები გამოავლინოს”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნული ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ჩარიცხვის შემთხვევაში აპლიკანტებს საშუალება ექნებათ მაღალ დონეზე დაეუფლონ 50-მდე სხვადასხვა პროფესიას, მათ შორის: მეღვინის, ბუღალტრის, იუველირის, ოფისის მენეჯერის, მზარეულის, ბარმენის, მკერავის, გიდის და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები