„ეს იყო დაუვიწყარი ემოცია და ცხოვრების ბოლომდე გამყვება“

0

მისი ბავშვობა განუყოფელია იმ დიდი ოჯახისგან, სადაც დაიბადა და გაიზარდა და საიდანაც მრავალი ლამაზი ფერი და ბგერა მოჰყვება… მე-5 კლასიდან დაიწყო
ლიტერატურის სიყვარული.

პირველი მოთხრობა მე-9 კლასში დაწერა, მაგრამ რადგან ძალიან უყვარდა ბიოლოგია და ქიმია, ამიტომაც მედიცინამ სძლია და სამედიცინოზე ჩააბარა.
უკვე თითქმის 9 წელია მუშაობს ტუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილებაში.
როდესაც მუზა ეწვევა, მხოლოდ მაშინ წერს. ახლახან რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხროის კონკურსში“ გაიმარჯვა, მისმა მოთხრობა „ტოსკამ“ პირველი ადგილი აიღო.
ამბობს, რომ, როდესაც დაურეკეს და შეატყობინეს გამარჯვება, დაუვიწყარი ემოცია იყო და ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. – ექიმისა და მწერლის, რეზო ჯორბენაძის პერსონა.

– ჩემი ბავშვობა მახსოვს 3 წლის ასაკიდან კადრებად. დაახლოებით 5 წლის ასაკიდან უკვე თანამიმდევრულად შემიძლია აღვიდგინო მრავალი ფაქტი და მოვლენა. ჩემი ბავშვობა, სტუდენტობა და აწმყო განუყოფელია ჩემი დიდი ოჯახისაგან, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე და რომლის წევრებიც არიან ჩემი მშობლები – ლია კვერღელიძე და ფრიდონ ჯორბენაძე, ჩემი ბებია-ბაბუა, ლილი (ტატა) გრიგორაშვილი და რეზო კვერღელიძე და ჩემი ძმა, ნიკა ჯორბენაძე. ამ ხუთი ადამიანის ერთობა იყო ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბების ბალავარი. ჩვენი ბავშვობა და საერთოდ ბავშვი, ჩემი აზრით, წარმოადგენს ჩვენს უცოდველ და გაუთვითცნობიერებელ ყოფას, მანამ, სანამ შემეცნების ნაყოფს ვიგემებდეთ. ამის შემდეგ გვეძლევა ცნობიერება და ნელ-ნელა სამოთხესაც ვკარგავთ. რა თქმა უნდა, მრავალი ფერი, ბგერა და ემოცია მომყვება ჩემი ბავშვობიდან, მაგრამ განსაკუთრებით დაუვიწყარია ჩემთვის ძმის, ნიკას დაბადება, რომელიც ჩემზე 8 წლით უმცროსია.

– როდის დაიწყო ლიტერატურის სიყვარული?
– ბაღში არ მივლია. ამიტომაც სკოლა იყო სოციუმში ჩემი ინტეგრირების პირველი საფეხური. შესაბამისად, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ერთ სკოლაში, თბილისის 140-ე საშუალო სკოლაში ვიყავი თერთმეტივე წელიწადი. ჩემი კლასი და ჩემი ყველა პედაგოგი ჩემი ბიოგრაფიის განუყრელი და ძვირფასი ნაწილია. რაც შეეხება ლიტერატურის სიყვარულს, რამდენადაც მახსოვს, დაახლოებით მე-5 კლასიდან დაიწყო ლიტერატურის მართლაცდა დაუტეველი სიყვარული. დღემდე მომყვება ის განცდა, რომელიც გურამ დოჩანაშვილმა აღწერა გენიალურ მოთხრობაში – „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.
ეს იყო კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ დაუფლებული განცდა. სამწუხაროდ, პროფესიული საქმიანობის გამო არ რჩება იმდენი დრო, რომ ინტენსიურად ვიკითხო მხატვრული ლიტერატურა, როგორც ბავშვობისა და სტუდენტობის დროს. თუმცა წიგნებს ვყიდულობ განუსაზღვრელი რაოდენობით იმ იმედით, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ წავიკითხავ შეუჩერებლივ.
– ვიცი, რომ ბავშვობიდან წერთ…
– სკოლის პერიოდში ყოველთვის მიყვარდა თავისუფალი თემების წერა. პირველი მოთხრობა დავწერე მე-9 კლასში. მოთხრობას ერქვა „გარდასახვა“ და იყო სარკეზე, რომელიც ადამიანის სულს აჩვენებდა, და არა სხეულს. ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა მოთხრობა სკოლის დამთავრებამდე, შემდეგ კიდევ რამდენიმე მოთხრობა, სტუდენტობისას, და ამის შემდეგ იყო ხანგრძლივი პაუზა.
– რით იყო საინტერესო სტუდენტობის პერიოდი?
– სტუდენტობის პერიოდი, პირველ რიგში, ემოციურად იყო განუმეორებელი. ეს ის ხანაა, როდესაც აღარც ბავშვი ხარ და არც ბოლომდე ჩამოყალიბებული ზრდასრული ადამიანი. ცხოვრობ იმპულსურად, სამყარო შენი გგონია, ფიქრობ, რომ ყველაფერს შეძლებ და მსოფლიოს უკეთესისკენ შეცვლი. პროფესიული პასუხისმგებლობა ჯერ არ გაქვს, თუმცა პრეტენზია გაქვს იმ პროფესიის ინტელექტუალური სიღრმეების წვდომაზე, რომელსაც ეუფლები. ამის გარდა, ამ პერიოდში შევიძინე მრავალი უძვირფასესი მეგობარი, პედაგოგი და პირველად ვეზიარე მედიცინის თეორიულ საფუძვლებს.
– რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა და კარდიოლოგობა?
– სკოლაში ძალიან მიყვარდა ბიოლოგია და ქიმია. ამიტომაც გადავიხარე სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებისაკენ. მაგრამ, მართალი გითხრათ, ცნობიერი შეგრძნება იმისა, რომ მართლაცდა მინდოდა, რომ ექიმი ვყოფილიყავი, მოვიდა გვიან, კერძოდ, მუშაობის დაწყებასთან ერთად, 2006 წელს.
რაც შეეხება კარდიოლიგიას, ყოველთვის მომწონდა გული, როგორც სიცოცხლის მამოძრავებელი ტუმბო, უთქმელი, ნაჯაფი, ნატანჯი და მაინც ასეთი დაუღალავ-დაუზარელი, ინტელექტუალური და ყველაფერთან ერთად ელეგანტურიც თავისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური აღნაგობით. თანაც, კარდიოლოგია თერაპიასა და ქირურგიას შორის დგას თავისი ინვაზიური ჩარევების გამო. ამიტომაც, თავიდანვე მიზიდავდა ეს დარგი და ბედნიერი ვარ, რომ არჩევანში არ შევცდი.
– გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოღვაწეობთ. როგორია თქვენი დღის რეჟიმი?
– უკვე თითქმის 9 წელია ვმუშაობ ტუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილებაში. დილას მუშაობას ვიწყებთ 7:30 საათზე. თუმცა მე 6 საათზე ადგომა მიწევს, რადგანაც შტუდგარტში ვცხოვრობ და სამსახურში მისვლამდე დაახლოებით 50 კილომეტრი უნდა დავფარო. დღეში 10-12 საათი ვმუშაობ. ამას ემატება თვეში ერთხელ ან ორჯერ შაბათ-კვირის მორიგეობები. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული ვარ. ამჟამად უკვე 2 წელია ვარ კათეტერის ლაბორატორიაში, სადაც ყოველდღე ვაკეთებ კორონაროანგიოგრაფიებსა და გულის სისხლძარღვების სტენტირებას. თუკი რომელიმე კოლეგა ავად გახდა ან შვებულებაშია, მიწევს ექოკარდიოგრაფიის ან კარდიოსტიმულატორისა და დეფიბრილატორის პროგრამირების ამბულატორიების გადაბარება.
– როდის წერთ და თუ გჭირდებათ შთაგონება?
– როდესაც მუზა მეწვევა, მაშინ ვწერ. შესაბამისად, აუცილებლად მესაჭიროება ემოციური ფონი. თუკი სახლში ვარ, იმ წამსვე ვიწყებ წერას, როგორც კი შთაგონება შემიპყრობს ხოლმე. ორი მოთხრობის წერა დაწყებული მაქვს ღამის 2 საათზე. გამეღვიძა და ისე მომინდა წერა, რომ აუცილებლად უნდა ავმდგარიყავი და კალამი ამეღო. ვინაიდან ჯერჯერობით მხოლოდ მოთხრობებს ვწერ, ვწერ თავაუღებლივ, ერთი ამოსუნთქვითა და ხელისმოსმით, ნოველის დასაწყისსა და დასასრულს შორის შეუსვენებლივ. დასრულებისას ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორიც ალბათ ქალბატონებს აქვთ მშობიარობის შემდეგ – დავყურებ ჩემი შემოქმედების ნაყოფს და თავს ვგრძნობ მსუბუქად, ემოციებისა და ენერგიისაგან დაცლილად და ამავდროულად – უბედნიერესად. თუკი სამსახურში ვარ და მაშინ მეწვია მუზა, ვცდილობ გამონაკლისის სახით დროულად გამოვიდე კლინიკიდან, რათა სახლში მისული მყისვე შევუდგე წერას.
– გაიმარჯვეთ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხროის კონკურსში“, მაგრამ ვერ დაესწარით დაჯილდოებას. რა ემოცია დაგეუფლათ, როცა დაგირეკეს და შეგატყობინეს გამარჯვება?
– სამწუხაროდ, ვერ დავესწარი დაჯილდოებას. როდესაც დამირეკეს და შემატყობინეს გამარჯვება, ეს ემოცია დაუვიწყარი იყო და  ცხოვრების ბოლომდე გამყვება. დედა და ძმა წავიდნენ შედეგების გამოცხადებაზე. გეგმურ სტენტირებაზე ვაპირებდი შესვლას, როდესაც მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემმა ძმამ ფეიბუქზე დადო დიპლომის სურათი, რომელზედაც აღბეჭდილი იყო ჩემი პირველი ადგილი. არ დავიჯერე, გავედი ამბულატორიის ოთახში და იქ კომპიუტერში გადავამოწმე ინფორმაცია. როდესაც ჩემი თვალით ვიხილე ეს ყველაფერი, ისე ავღელდი, რომ დიდი კონცენტრაცია დამჭირდა, რათა სტენტირებას გართულებების გარეშე ჩაევლო.
– მეუღლესა და შვილებზე გვიამბეთ. როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?
– ჩემი მეუღლე გახლავთ თეა კოპაძე, ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი და მუშაობს შტუდგარტის კლინიკის ფსიქიატრიის განყოფილებაში. გვყავს ორი შვილი, 10 წლის იოანე და 5 წლის ლილი. ჩემმა მეუღლემ და მე ერთმანეთი გავიცანით 2004 წლის აღდგომას დუსელდორფში. ჩვენი ოჯახის შექმნის ისტორია აღვწერე ჩანახატში „მისტიკური შეუღლება“. თქვენც იქიდან მოგიყვებით.
„…2006 წლის 28 იანვრის ღამის 12-ის ნახევარია. მალე შუაღამე ჩამოჰკრავს თავის ზარებს. შორეულ უცხოეთში ზამთრის სიცივისაგან გატანჯული ათიოდე ადამიანი კანკალებს დუსელდორფის სერბული მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველთან.
აქ არიან რუსუდან საბაური, დავით ბასილაშვილი, მაკა თავდიშვილი, ნატო ქვარცხავა, ქეთევან ლაშხი, გოგი ხოჯაშვილი და კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც ხშირ-ხშირად იყურებიან ტაძრის კარიბჭისაკენ – ერიდებათ შეკრებილი მეგობრების, რომელთაც 7-საათიანი ლოდინით გული გადაელიათ. ანტვერპენიდან მომავალი ქართველი მოძღვარი, მამა აბიბოსი, უკან მისაბრუნებელი შეიქმნა და მექორწილეებს შესთავაზა, ანტვერპენში წამოდით, იქ დაგწერთ ჯვარს ქართულ ეკლესიაშიო. წასასვლელი ფული არ ჰქონდათ. უხერხულად შეიშმუშნენ. ეს იყო შუადღისას. მამა აბიბოსს გულმა რეჩხი უყო – ვერ დაგტოვებთ ასე გაწბილებულებს, წავალ ანტვერპენში და დუსელდორფში ისევ დავბრუნდებიო. ასეც მოიქცა მამაო, მაგრამ მოლიპულია გზატკეცილები. ასე რომ დგანან და ელიან. სადღაც შვიდიოდე საათი გავიდა და კვლავ ელიან. ტაძრის გასაღები სერბ მღვდელს გამოართვეს. მამა აბიბოსი ყოველ საათში რეკავს და იტყობინება, რომ გზაშია და ნელ-ნელა წინ მოიწევს. დაძაბულობა მატულობს. ბასილაშვილი ოხუნჯობს, რაც ძალი და ღონე აქვს. ქვარცხავა შიგადაშიგ დაიჩივლებს, გავიყინე და ჩემი საკვერცხეების ცოდვა თქვენზე იყოსო. საქართველოში, სადაც უკვე ღამის 3 საათია,იტანჯება პატარძლის მეჯვარე, თინიკო გვიჩია. საბრალოს არ აქვს დაძინების უფლება, ვინაიდან ჯვრისწერის მსვლელობისას სანთლით ხელში უნდა იდგეს 3400 კილომეტრით დაშორებულ თბილისში. არის ერთი გადარეკვ-გადმორეკვა. აი ასეთ ვითარებაში იღება ტაძრის კარიბჭე და შემოდის მამა აბიბოსი, დაღლილი, დაქანცული, მაგრამ თავისი მისიის ერთგული. უკვე აპნისის 29 დაიწყო, შუაღამის 00:30 საათია. გამოცოცხლდნენ მექორწილეები. არ დაზარებია მამა აბიბოსს, დაწინდვით დაიწყო და ძველი ქართული ტრადიციით შეუდგა უძველეს საკრალურ რიტუალს. გასრულდა ჯვრისწერა. რამდენს დაუწერიაო მალულად ჯვარი შუა საუკუნეების ტაძრებში, – ღაღადებს მამა აბიბოსი, – დაე, ბნელოდეს გარეთ, მაგრამ ნათელი იყოს თქვენს სულებშიო უკუნითი უკუნისამდე. წავიდ-წამოვიდნენ. ნეფე მეორე დღეს ბაიროითშია მატარებლით 500 კილომეტრზე გასამგზავრებელი. ახალი დაწყებული აქვს მუშაობა ვაგნერ-ლისტის ქალაქში, ოღონდაც კლინიკაში, არა ვაგნერის მიერ აგებულ საოპერო თეატრში. ქალი დუსელდორფს რჩება, ჰაინრიჰ ჰაინეს ქალაქს. მხოლოდ ნეფის მეჯვარე, ბასილაშვილი დავით ილანძღება წასვლისას – ჯორბენაძემ სუფრა არ გაშალა ჯვრისწერამდე, წინასწარ აღნიშვნა ცუდის ნიშანიაო. ლოდინითა და ემოციებით გათანგულებს სადღა აქვთ ნადიმის თავი ღამის 3 საათზე. „დასახლდნენ, დაფუძდნენ…“
–  მრავალი კეთილი საქმე გაგიკეთებიათ… და არ გიყვართ ქველმოქმედებაზე საუბარი…
– რესპონდენტის უფლებას დავიტოვებ და, თქვენი ნებართვით, ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ…
– გამარჯვებული მოთხრობა „ტოსკა“ რეალურ ისტორიაზეა? როგორ დაიწერა „ტოსკა“?
– ამ მოთხრობაში ერთადერთი რეალობა მხოლოდ რამაზ ექიმია. ასეთი პიროვნება ნამდვილად არსებობს, დანარჩენი ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. „ტოსკაც“ ისევე დაიწერა, როგორც ყველა სხვა მოთხრობა – მუზის სტუმრობის წყალობით ერთი ჩვეულებრივი დღის ან ღამის შემოქმედებით აღმაფრენად გადაქცევისას.
– მუსიკა გიყვართ და უკრავთ. მოგვიყევით ამ სიყვარულზე.
– მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია. ეს არის ჩემეული სამყაროს ერთ-ერთი საყრდენი წერტილი ადამიანებთან, მედიცინასა და ლიტერატურასთან ერთად. ჩემი ბებია, ლილი (ტატა) გრიგორაშვილი მუსიკოსი გახლდათ და მან მაზიარა მუსიკალური ბგერის საიდუმლოებას. შემდეგ იყვნენ მუსიკოსები – მზია ნათაძე და ნუნუ თეთრაძე, რომელთაც ჩემი მუსიკისადმი სიყვარულის ესტაფეტა გადაიბარეს. ბოლოს დავრჩით მხოლოდ ჩვენ ორნი, მუსიკა და მე. და ასე მოვდივართ დღემდე.  რომც არ ვუკრავდე, ან არ ვუსმენდე მუსიკას, იგი მაინც ჩემშია. მუსიკა განფენილია ყველგან. თავად ენაც ხომ მუსიკაა. და რაც ყველაზე საოცარია, სიჩუმეც კი მუსიკაა. „პირველად იყო სიტყვა“ – თუკი სიტყვაც მუსიკაა და თავად სიჩუმეც, რომელიც სიტყვამდე სუფევდა, მაშინ პირველად მისი უდიდებულესობა მუსიკა ყოფილა. ასე მგონია მე.
– ჰობი?
– მუსიკა და ლიტერატურა ჩემი ჰობი არ არის. ეს ჩემი სულის ნაწილია. ჰობი ალბათ უფრო ძილია, რომელიც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან მაკლია, თანაც ძილი რეალობიდან გაქცევისა და საკუთარი ქვეცნობიერის ამოცნობის ერთ-ერთი ყველაზე ფიზიოლოგური საშუალებაა.
– გერმანიიდან დანახული საქართველო და თბილისი. რას შეცვლიდით თბილისში?
– გერმანიიდან ჩემ მიერ დანახული საქართველო და თბილისი, ასე მგონია, ვერ იქნება ობიექტური, რადგანაც მეტისმეტად მენატრება აქაურობა. რომ ხელმეწიფებოდეს, თბილისსა და სრულიად საქართველოში აღმოვფხვრიდი ძალადობას, სიდუხჭირესა და უმუშევრობას. ვოცნებობ, გაღიმებული, შუბლგახსნილი, გალაღებული და წელგამართული ვიხილო ჩემი ხალხი.
– სამომავლო გეგმები. წიგნის გამოცემას ხომ არ აპირებთ?
– მინდა დავაფუძნო ექოკარდიოგრაფიის ყოველწლიური უსასყიდლო კურსი თბილისში, რომელიც 2017 წლის სექტემბერში ჩავატარე პირველად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ამ კურსს ნელ-ნელა სხვა კურსებიც მინდა შევუმატო, როგორიცაა ელექტროკარდიოგრამისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომატიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კურსები. დიდი სურვილი მაქვს, გამოვცე ექოკარდიოგრაფიის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. ჩაფიქრებული მაქვს გავმართო სოლო მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო თბილისის კონსერვატორიაში ოდესმე, მომავალი 2 წლის მანძილზე. და ბოლოს, ძალიან მინდა უახლოეს მომავალში გამოვცე ჩემი მოთხრობების კრებული. 

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი