ამირან სალუქვაძე სუს-ის მიერ სპეცოპერაციის თაობაზე წარმოდგენილ ინფორმაციას არგუმენტირებულს უწოდებს

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და საკითხთან დაკავშირებით სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს.
როგორც სალუქვაძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, უწყების მიერ დღეს წარმოდგენილმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახმედ ჩატაევმა და მისმა თანამზრახველებმა როგორც თურქეთში, ისე საქართველოში, არალეგალური გზით შემოაღწიეს.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა საკითხში ფიგურირებს თურქული მხარე და მომხდარის გამოძიებაში ჩართულები იყვნენ ამერიკელი სპეციალისტები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტან გომელაურის მხრიდან, თავის დროზე გაკეთდა განცხადება, რომ ამ ადამიანებმა არალეგალურად შემოაღწიეს საქართველოში, თუმცა, იყო სხვადასხვა მოსაზრებაც, რომ ჩატაევი და მისი თანამოაზრეები „თეთრი დერეფნის“ გამოყენებით შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში – ამ უკანასკნელ მოსაზრებას იმთავითვე არ ვეთანხმებოდი, საზღვარს ორი მხარე აქვს – თურქეთის ხელისუფლებას, მათ სპეცსამსახურებს არანაირ სარგებელს არ მოუტანდათ საქართველოში ჩატაევის შემოსვლა, რჩებოდა არალეგალური გზები, რა თქმა უნდა, საზღვრებს აქვთ სუსტი ადგილები, თურქეთ-საქართველოს საზღვარი მთა-გორიანი რელიეფით ხასიათდება და შესაბამისად, ალბათ არსებობს ასეთი გადმოსასვლელები, საიდანაც მოახერხეს შემოღწევა. რა თქმა უნდა, კითხვები ყოველთვის დაისმება საზოგადოებაში, სპეცსამსახურებმა და ხელისუფლებამ ამ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები უნდა გასცენ, თუმცა, მე ხაზგასმით აღვნიშნავ, უსაფრთხოების სამსახურს, რომ არ ჰქონდეს დამადასტურებელი მასალები, რომ ჩატაევმა როგორც თურქეთში, ისე საქართველოში ე.წ. მწვანე ზოლის მონაკვეთით მოახერხა შემოღწევა, მაშინ ასეთ ინფორმაციას ხმამაღლა არ გააჟღერებდა. ამ საკითხში მხოლოდ საქართველო არ ფიგურირებს, საუბარია თურქეთზე, რომლისთვისაც ტერორიზმი ძალიან სენსიტიური თემაა. გამორიცხულია, რომ თურქეთის მხარემ განმარტებები არ მოითხოვოს და შესაბამისი მასალების წარდგენა ამ ინფორმაციაზე, და ამას იმის გამო კი არ გააკეთებს, რომ რაიმე ბრალი დავდეთ, ან თურქეთს რამეში ვადანაშაულებთ, უბრალოდ მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გარდა ამისა, როგორც ვიცით, ქართველი სამართალდამცველები ღონისძიებებს ამერიკელ კოლეგებთან ერთად აწარმოებდნენ, ეს გარემოებაც გასათვალისწინებელია, ასეთ ვითარებაში რატომ არ უნდა დავუჯეროთ უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას?!- აცხადებს სალუქვაძე.
როგორც სალუქვაძე აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, საჭიროა, საზოგადოებამ ხელი შეუწყოს სამართალდამცველებს მუშაობაში.
„ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მინიმუმ რამდენიმე ათეული ჩვენი თანამოქალაქე იბრძოდა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, რამდენი მათგანი დაბრუნდა უკან, რამდენი მომხრე ჰყავთ აქ – ამის გარკვევა ჩვენი სპეცსამსახურების საქმეა. ჩვენს სპეცსამსახურებს ასეთ ვითარებაში სჭირდებათ მხარდაჭერა, ზედმეტი ხმაური საჭირო არ არის. ხელისუფლებას ოპოზიცია სხვა საკითხებში უნდა ებრძოლოს, რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლას, ამ საკითხში ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ და არა ჩასაფრებულ პოზიციებში. ველოდები, რომ კიდევ იქნება გარკვეული ინფორმაციები, შესაძლოა, ბევრი რამ გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ გაჟღერდეს, თუმცა, ვთვლი, რომ საკითხს გაგრძელება ექნება და ეტაპობრივად შევიტყობთ დამატებით ინფორმაციებს“, -აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.
„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით, საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.
სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები.
საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი. იგი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა, და ასლანბეგ სოლტახმადოვი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებებისა და 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი.
დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები