ამერიკელი ქალი “ისლამურ სახელმწიფოს” კრიპტო ვალუტით ეხმარებოდა

ნიუ-იორკში, 27 წლის ქალს, “ისლამური სახელმწიფოს” სასარგებლოდ, სხვადასხვა კრიპტო ვალუტის გათეთრებაში დასდეს ბრალი. პაკისტანში დაბადებული ზუბია შახნაზი საბანკო თაღლითობაშიც დადანაშაულებულია.
ამერიკაში ზუბია შახნაზი ლაბორანტად მუშაობდა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მან ბანკში 85 ათასი დოლარი, სესხის სახით, მოტყუებით მიიღო, მიზანი კი ინტერნეტში ბიტკოინების ყიდვა გახდა. აღსანიშნავია, რომ კრიპტო ვალუტას ხშირად დანაშაულებრივ სამყაროში იყენებენ, რადგან ელექტრონული ფულის კონტროლი არ ხდება.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, შახნაზიმ ივლისში პაკისტანის პასპორტი მიიღო და შეიძინა ავია ბილეთი ნიუ-იორკიდან პაკისტანის მიმართულებით, სტამბულის გავლით. ამერიკული პროკურატურის აზრით, მას სირიაში მოხვედრა სურდა. ქალი ჯონ კენედის სახელობის აერპორტში დააკავეს, მას თან 10 ათასამდე დოლარი ჰქონდა.
შახნაზის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი ფულს საზღვარგარეთ მხოლოდ სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად აგზავნიდა.
თუკი დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული მუხლების გათვალისწინებით, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო საბანკო თაღლითობის გამო, კიდევ 30 წელი დაემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები