გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი მუზეუმს აქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მიენიჭა.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განუცხადეს, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლები, რომლებიც დგას მდ. ჭვიშურას ნაპირზე, ერთმანეთთან რამდენიმე მეტრში, ამჟამად გაერთიანებულია ერთ სამუზეუმო სივრცეში. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ავთენტური ეზო.
1. გალაკტიონ ტაბიძის სახლი ხის ოდაა კრამიტით დახურული (ავთენტური ყავარის სახურავი გამოიცვალა XX ს. 30-იან წლებში). უკანა მხარეს ქვის საძირკველზე დგას, წინა – აივნის მხარე – ქვის ხიმინჯებზე. სახლი ჩრდილოეთის მხარესაა გახსნილი პატარა აივნით, რომლიდანაც ოთახებშია შესასვლელი. სულ ორი ოთახია: საერთო ოთახი-სამზადით და საძინებელ-სამუშაო ოთახი. ოთახები ერთმანეთთან მხოლოდ აივნითაა დაკავშირებული. სამუშაო ოთახი მცირე ზომისაა. აქვს ერთი სარკმელი ჩრდილოეთის კედელში. ოთახში ამჟამად დგას კარადა, საწოლი ტახტი და სამუშაო მაგიდა სკამით. საერთო ოთახი დიდი ზომისაა, მას სარკმელი არ აქვს. სამხრეთის კედელში უკანა ეზოში გასასვლელი კარია. შუაში კერაა გამართული. კერიის თავზე საშრობის ფუნქციის წნულია შეკიდული. ოთახში გალაკტიონის ოჯახის მემორიალური ავეჯი და ნივთებია.
სახლს სამი მხრიდან თავდაპირველი ეზო აქვს. ჩრდილოეთიდან მისასვლელ გზაზე ვიწრო ქვაფენილი ბილიკია დაგებული. დასავლეთიდან ასეთივე ბილიკია, რომელიც ადესის ხეივნის ქვეშ გადის. ამავე მხარეს, ეზოს კიდეში ჭაა.
2. ტიციან ტაბიძის სახლი ხის ოდაა კრამიტით დახურული. დგას ქვის ხიმინჯებზე. სახლი სამი ოთახისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან შიდა კარითაა დაკავშირებული. წინა და უკანა მხრიდან აივნები აქვს. საფასადო მხარე სამხრეთითაა. ამ მხარეს აქვს სახლს რიკულებიანი აივანი, რომელზეც ოთახების ორი კარი და სამი სარკმელი გამოდის. დასავლეთით მდებარე ოთახი სახლის მთელ სიგრძეზეა გაშლილი. აღმოსავლეთით კი დანარჩენი ორი ოთახია. ოთახების საერთო კედელში ბუხარია ჩადგმული, რომელიც სამივე ოთახშია გახსნილი. სახლში დაცულია მემორიალური ნივთები.
სახლის უკანა ეზოში დგას სამზადისი და ნალია. სამზადისი ხის ნაგებობაა. ამჟამად დახურულია შიფერით. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კარები აქვს. შესაბამისად, ამ ფასადებზე მას ფანჩატური აქვს.
სამზადისის გვერდით დგას ნალია.
სახლს აქვს თავისი ავთენტური ეზო, რომელიც ოთხივე მხრიდან აკრავს სახლს. ქუჩა სამხრეთით ჰქონდა.