ლონდონში პირველი ქართული საკვირაო სკოლა პარიზის საკვირაო სკოლას უმასპინძლებს
9 დეკემბერს, 12.00 საათზე, გაერთიანებულ სამეფოში არსებული პირველი ქართული საკვირაო სკოლა პარიზის საკვირაო სკოლას უმასპინძლებს და მათთან ერთად საშობაო კონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა აცნობდა ლონდონიდან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლონდონისა და პარიზის სათვისტომოს ახალგაზრდები გაცვლითი პროგრამით ხვდებიან და თავიანთ აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. ეს პროგრამა უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლების პრაქტიკის შედარება-გაცნობასაც ისახავს მიზნად. რაც ყველაზე მთავარია, იგი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის ზნეობრივ აღზრდას და ჯანსაღი დამოკიდებულების შემუშავებას ისეთ საკვანძო საკითხზე, თუ რა როლი ეკისრება ემიგრანტს ისტორიული სამშობლოს მიმართ და ასევე იმ ქვეყნის წინაშე, რომელმაც იგი მიიღო და გაითავისა.
„აღნიშნული იდეა პარიზის ასოციაცია „Toison D’IMAGE“-ის პრეზიდენტს, ნატა დარჩიაშვილ-ტაპიას ეკუთვნის. იგი ოქტომბერში დაუკავშირდა ლონდონის საკვირაო სკოლის დამფუძნებელსა და პატრონს, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანს, რომელმაც სიამოვნებით მიიღო ეს წინადადება და სკოლის მოწაფეებთან და მშობლებთან ერთად პირველი მასპინძლის როლი ითავა.
როგორც ნატა დარჩიაშვილი-ტაპია განმარტავს, ისინი ძირითად აქცენტს აკეთებენ ახალგაზრდებზე, იმ ძალაზე, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა ჩაიბაროს.
„ჩვენ გვინდა ისტორიულ სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განცდა შევუნარჩუნოთ ბავშვებს, რომელთა უმეტესეობა უცხოეთში დაიბადა ან ადრეულ ასაკში ჩამოვიდა აქ საცხოვრებლად. ჩვენ მზად გვაქვს კანონპროექტი, რომლის განხორციელება ქართული მხარის ინტერესშიც უნდა შედიოდეს. გვინდა უცხოეთის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში განსწავლული ახალგაზრდები ჩადიოდნენ საქართველოში და მიღებული ცოდნა იქაურ პრაქტიკაში გამოავლინონ. ამით მოგებული დარჩება ორივე მხარე. ამ ახალგაზრდებს შეიძლება მომავალში საქართველოში დამკვიდრების სურვილიც გაუჩნდეთ, თუკი ნახავენ, რომ მათ თავისი კვალიფიკაციის სრულყოფილად გამოვლინების შესაძლებლობა ეძლევათ. საქართველო კი ამით მაღალპროფესიულ კადრს მიიღებს“.
გიორგი ლალიაშვილის თქმით, პარიზიდან ოცამდე ქართველი ეწვევა ლონდონის საკვირაო სკოლას.
„ნატა დარჩიაშვილ-ტაპიასთან ერთად იქნებიან ქართული კულტურის ცენტრ „ლაზთან“ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები (ქორეოგრაფი ლალი ჯაშიაშვილი), ასევე იქაური ქართული საკვირაო სკოლის დირექტორი ეკა ბოდოკია.
ლონდონელთა მხრიდან პარიზელი სტუმრების დახვდებიან და ერთობლივ საშობაო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ცეკვის სტუდია „ფესვები“ (დამაარსებელი და ხელმძღვანელი შალვა ქავთარაძე), არტსტუდია „გონიერი“ (დირექტორი თამარ ვეფხვაძე), კენსინგტონისა და ჩელსის ახალგაზრდა ინვალიდთა თანადგომის ჯგუფი „ანნა და მეგობრები“ (თავმჯდომარე ანნა გოგრიჭიანი), ქართული საკვირაო სკოლის ახლანდელი მოსწავლეები და კურსდამთავრებულნი.
მადლიერებით უნდა მოვიხსენიო პარიზიდან წვეულ ქართველთა ლონდონელი მასპინძელი ოჯახები. ესენი არიან: ანა მირონოვა და ზაზა ფულარიანი, ნატო-თეონა ჭუმბურიძე, ირმა დარასელია-კვირტია, მაკა ბაქრაძე, ეკა ნანდოშვილი, ინნა ნაბიევა, თეონა–თეკლე ჭუმბურიძე, ვახტანგ გოგრიჭიანი, ბაჩო დვალი“, – აღნიშნავს გიორგი ლალიაშვილი.