ქართული სახარება-პალიმფსესტი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს, ეროვნულ არქივში გამოიფინა

კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი UNESCO-ს რეესტრში − იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს.
ხელნაწერი, 6 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მეცნიერებათა აკადემიის, თსუ-ს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სახარების მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანის გადაწყვეტილება UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა. ხელნაწერის ნომინაცია საქართველოს ეროვნულმა არქივმა UNESCO-ს 2016 წელს წარუდგინა.
უმნიშვნელოვანესი და იშვიათი ქართული ხელნაწერის ახალი აღწერილობის შექმნამდე (2015 წელი) სახარება-პალიმფსესტზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლამ გამოავლინა, რომ ხელნაწერი შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს და მასში არა ორი, არამედ, სულ მცირე, 4 ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით; დაზუსტდა ტექსტის ქრონოლოგიაც.
ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი, მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) − ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა − მხედრულით.
ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით.
ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი, ბერი ესტატეა.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ახალი ნომინაციის გარდა შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია:
ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013);
ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015):

ანბანდიდი სახარება (IX ს.),
ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.),
ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.),
ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.),
ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი),
შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი),
შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი),
მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).
2018 წლის იანვარში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ყველა ხელნაწერისა და ისტორიული საბუთების გამოფენა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები