მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო „ოქროს პრომეთე“ გადაეცემა

7 დეკემბერს, 19 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ 1-ელ დარბაზში გაიმართება მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის “დიდი მწვანე ველის” სპეციალური ჩვენება.
როგორც „კვირას“ თბილისის საერტაშორისო ფესტივალიდან აცნობეს, ფილმს “დიდი მწვანე ველი” წელს 50 წელი შეუსრულდა. ჩვენების დაწყებამდე, ფილმის რეჟისორს, მერაბ კოკოჩაშვილს გადაეცემა საპატიო “ოქროს პრომეთე” კინოში შეტანილი წვლილისათვის.
„დიდი მწვანე ველის“ მთავარი გმირი მწყემსი სოსანაა, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად სოფელში ცხოვრობს და სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით აგრძელებს დანატოვარს, წინაპართა საქმეს. სხვა ცხოვრება სოსანას არც წარმოუდგენია; ბუნება, სოფელი, დიდი მწვანე ველი და ოჯახი – ესაა მისი ავლადიდება, მისი სამყარო და ყოველდღიური ცხოვრებაც. მის სოფელში, გეოლოგები ნავთობის საძიებელ სამუშაოებს იწყებენ და თანამედროვე ცივილიზაცია, თავისი ტექნიკის გუგუნითა თუ ხმაურით სოსანას სამყაროში შემოდის. სოსანა წინააღმდეგობაშია ცვლილებებთან და მისი ძალადობრივი შემოჭრა დიდ, მწვანე ველზე, მისთვის ყველაფერი ფასეულის ნგრევასა და განადგურებას მოასწავებს.
კინოსა და ვიდეოხელოვნების დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა „არსენალმა”, წელს 3 ქართულ ფილმს რესტავრაცია გაუკეთა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა. მათ შორისაა მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, სპეციალურ ჩვენებაში წარმოდგენილი ქართული კინოკლასიკა, განახლებული ფორმატით იქნება ნაჩვენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები