ბოლნისში თამთა მელაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
“თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები ბოლნისში”- ბოლნისის კულტურის სახლში მწერალ თამთა მელაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
2017 წელს, გერმანია-საქართველოს მეგობრობის ორასი წლისთავთან დაკავშირებით, საქარველოში არაერთი კულტურული და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გერმანიის საელჩოსა და გამომცემლობა ინტექლეტის მხარდაჭერით, თამთა მელაშვილმა ზეპირი ისტორიების კრებული გამოსცა.
“თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები ბოლნისში” საქართველოს უახლეს ისტორიას უკავშირდება, _ ისტორიას რომლის ერთი ნაწილი ის 200 წლოვანი თანაცხოვრებაა, რომელიც გერმანელმა კოლონისტებმა საქართველოს მიწაზე გაატარეს. წიგნში რეალური ადამიანების მოყოლილი ამბებია თავმოყრილი. ვინაიდან ბოლნისს გერმანელი კოლონისტების ისტორიაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს, წიგნშიც მას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი.
წიგნის პრეზენტაციას გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდნენ. შეხვედრა საინტერესო იყო იმითაც, რომ დამსწრე საზოგადოებას მწერალმა მათი რესპოდენტები კიდევ ერთხელ გააცნო და საჩუქრად წიგნები გადასცა.