„სასტუმრო არ უნდა ერქვას იმ ადგილს, სადაც უსაფრთხოების მინიმალური ზომებიც კი არ არის გათვალისწინებული“

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, საქართველოში სასტუმროების მფლობელებს, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას რაიმე კონკრეტული რეგულაცია არ ავალდებულებთ.
როგორც ალავერდაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხოლოდ სასტუმროებთან მიმართებაში სამშენებლო რეგულაციები არსებობს,რომელიც ზოგადია.
„სასტუმროებთან მიმართებაში სამშენებლო რეგულაციები ძალაში შევიდა 2017 წლის იანვრიდან, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იმ სასტუმროებს, რომლებიც 2017 წლამდე აშენდა, არ უნდა კონტროლი და ყურადღების მიქცევა. დღეს საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაარემონტოს ფართი, გარეთ გამოკიდოს აბრა და ამ ფართს “სასტუმრო” უწოდოს, რადგან ამ კუთხით სახელმწიფო არანაირ რეგულაციას არ აწესებს, მათ შორის, არც სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში. ევროპაში ობიექტს „სასტუმრო“, რომ დაერქვას, პირველ რიგში დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოება და მეორე, უნდა იყოს შშმ პირების საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურა. ჩვენს კანონმდებლობაში განმარტება არ არის, თუ რა არის სასტუმრო და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის – ეს არის პრობლემა“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია სასტუმროს პერსონალის დატრენინგება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში.
„ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სად არის ე.წ. თავშეყრის ადგილი ანუ განგაშის შემთხვევაში სად უნდა მოიყაროს თავი ყველა თანამშრომელმა და ა.შ. ასევე აუცილებელია, სასტუმროს ვიზიტორებისთვის ყველა ოთახში განთავსებული იყოს საევაკუაციო დაფა. სასტუმრო არ უნდა ერქვას იმ ადგილს, სადაც უსაფრთხოების მინიმალური ზომებიც კი არ არის გათვალისწინებული“,- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები