„მივესალმები „მოპარვას“… – მწერალი გიზო თავაძე ოთარ მამფორიას გაუჩინარებული ბიუსტის შესახებ სტატუსს აქვეყნებს
ამ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში პოეტ ოთარ მამფორიას ბიუსტის დაკარგვას მწერალი გიზო თავაძე ეხმაურება.
„მივესალმები „მოპარვას…“ აჭრელდა ინტერნეტი: „ოთარ მამფორიას ბიუსტი დაიკარგა!..“
მსგავსი არაფერი მომხდარა. ბიუსტი, ამ ოციოდე წლის წინათ, მოქანდაკე აკაკი კიკვაძემ შექმნა და ჩამოასხა (ცემენტის ხსნარით). გავიდა წლები და, ყინვამ, ქარმა, მზემ, თავისი დაღი დაასვეს ქანდაკებას, რომელიც, კიდევ ათიოდ წელს თუ გაძლებდა და დაიშლებოდა; ამიტომ ვთხოვეთ ხელისუფლებას (პირადადაც და ჟურნალ „მწვანეყვავილას“ გვერდებიდანაც), გამოეყოთ ბრინჯაოს შესაძენი თანხა, რაც აღსრულდა. მადლობა მათ, ხოლო ბიუსტი (ამჟამად სამარადჟამო) დეკემბერში მზად იქნება.
ვიხსენებ ათიოდ წლის წინანდელ ამბავს. კულტურის სამსახურში მირეკავს დიდებული ადამიანი და შესანიშნავი მხატვარი ოთარ ქანდარია: „გიზო, მერაბ კოსტავას ბიუსტი მოუპარავთ თამარ მეფის ქუჩაზე, ამ დილით შევამჩნიე და ცუდად გავხდი… თუ კაცი ხარ, გურამს (ავტორს, ჩემს სიმამრს) ნუ ეტყვი, გული გაუსკდება ადამიანს (გურამ კვიმსაძე 76 წლის გახლდათ იმჟამს).“
– ოთარ, ჩვენ მოვხსენით, ბრინჯაოში უნდა ჩამოვასხათ ბიუსტი!.. – დავამშვიდე გულიანი კაცი, ქალაქის მეტრფე და მოყვარული უზომოდ.
და მესამე შემთხვევა, როცა ზურაბ კუხიანიძის ბიუსტი მოვხსენით 2010 წელს (ისიც ბრინჯაოთი ჩამოვასხით!..) მაშინაც დაწერეს, ზურაბის ძეგლი მოიპარესო!..
სამჯერ მე ვიყავი ამ „მოპარვების“ თავი და თავი…
აწი სხვებმა „მოიპარონ!..“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიზო თავაძე.
ათიოდე დღის წინ, ქუთაისში „სამი ოთარის” ძეგლიდან ერთ-ერთის თავი გაუჩინარდა, რაზეც ხმა გავრცელდა, რომ მოიპარეს. თუმცა იმავე დღეს ქუთაისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ პოეტ ოთარ მამფორიას ძეგლის თავი მისი განახლების მიზნით აიღეს. თაბაშირისგან დამზადებული ოთარ მამოფრიას ბიუსტი აიღეს და მის ნაცვლად ბრინჯაოს ბიუსტი დაიდგმება.
დანარჩენი ორი ოთარის – ოთარ ქორქიას და ოთარ სულაბერიძის ძეგლები ბრინჯაოსგანაა დამზადებული.