ვარშავის ეროვნულმა მუზეუმმა „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლა
ვარშავის ეროვნულ მუზეუმში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ღონისძიების მსგავსი საღამო 80 წლის წინ, ვარშავაში არქიმანდრიტ წმ. გრიგოლ ფერაძისა და მეცნიერ გიორგი ნაკაშიძის მონაწილეობით განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვარშავაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კულტურული და საგანმანათლებლო წრეები, პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრები და ქართული დიასპორა.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის დავით ყოლბაიას რედაქციით გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ორი პოლონური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც მე-16 და მე-17 საუკუნეების მინიატურული ილუსტრაციებით არის შესრულებული.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ვეფხისტყაოსნის ეროვნულ ფასეულობაზე, მის კულტურულ-სამეცნიერო ღირებულებაზე მსოფლიო მასშტაბით და ამასთან, ყურადღება გაამახვილა პოემის ახალი პოლონური გამოცემის მნიშვნელობაზე.
საღამო დასრულდა საელჩოს ორგანიზებული მიღებით, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სამზარეულო.
საღამო პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ასევე, ვარშავის ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა.