კინოთეატრ „ამირანში” მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ფილმით გაიხსნება
4 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში” მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის – ილდიკო ენიედის ფილმით „სულისა და სხეულის შესახებ” გაიხსნება.
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით, კინოფესტივალის ორგანიზატორებმა, პრესკონფერენცია გამართეს.
ფესტივალის დირექტორის გაგა ჩხაიძის განცხადებით, წელს საერთაშორისო კონკურსში 9 ფილმი მონაწილეობს. ფესტივალზე თორმეტ საკონკურსო და არასაკონკურსო სექციაში 131 ფილმს აჩვენებენ.
ფესტივალი ზაზა ხალვაშის ახალი ფილმის „ნამე“ პრემიერით დაიხურება.
საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს ჟიური გადასცემს ორ პრიზს „ოქროს პრომეთე“ – საუკეთესო ფილმისთვის და „ვერცხლის პრომეთე“ – საუკეთესო რეჟისურისთვის. ჟიურის ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი უხელმძღვანელებს.
უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის 2017 წლის ფილმი „სულისა და სხეულის შესახებ” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის, ეკუმენიკური ჟიურის და ფესტივალის მთავარი ჯილდოს – „ოქროს დათვის” მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე გაიმარჯვა სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში. ამას გარდა, „სულისა და სხეულის შესახებ” ევროპული კინოაკადემიის ჯილდოსა და „ოსკარზეა” წარდგენილი.
მე-18 ფესტივალს სტუმრად ეწვევა კანადელი რეჟისორი დენი კოტე, რომლის ფილმებსაც ფესტივალის განმავლობაში უჩვენებენ. გახსნის ცერემონიაზე დენი კოტეს გადაეცემა საპატიო „ოქროს პრომეთე“.