ევროკავშირის წვლილი საქართველოში კულტურის სფეროს განვითარებაში – ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან თემაზე – ევროკავშირის წვლილი საქართველოში კულტურის სფეროს განვითარებაში.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ კოორდინატორი ქეთევან შენეგელია და კულტურის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს, ისაუბრა, კულტურის სხვადასხვა დარგის განვითარებაში, ევროკავშირის მიერ გაწეულ უდიდეს წვლილსა და დახმარებაზე. მინისტრის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა ევროკავშირის კულტურის ხელშეწყობის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა და ხაზი გაუსვა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის კუთხით. გარდა, ამისა ლევან ხარატიშვილმა ევროკავშირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროგრამა „შემოქმედებით ევროპაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა ამ პროგრამაში, ქვეყანას და ქართველ ხელოვანებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ევროპელი პარტნიორები და მოიპოვონ დაფინანსება.
საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველი იყო, რომელიც ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) წევრი გახდა. 2015 წლის 24 თებერვალს, ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, კულტურის სფეროში დასაქმებულ ქართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კულტურისა და მედიის ქვეპროგრამებით გამოცხადებულ კონკურსებში და მოიპოვონ დაფინანსება ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.
“Creative Europe” („შემოქმედებითი ევროპა“) ევროკავშირის 6-წლიანი პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.
პროგრამაში – „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში დასაქმებულ ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. “Creative Europe”-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები