გიორგი გეგეჭკორის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლეში გიორგი გეგეჭკორის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ, 1995 წლიდან დღემდე შესრულებული ქართველ მეფეთა და საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო კატალოგის – „ქართველ მეფეთა გალერეა“ პრეზენტაცია, რომელიც მხატვრის 20-მდე ნამუშევარს აერთიანებს.
გოგი გეგეჭკორს მხატვრობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ელენე ახვლედიანის სახელოსნოში ჩამოუყალიბდა. იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიასა შემდეგ, მხატვარმა მუშაობა საკავშირო სამხატვრო აკადემიის, ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში დაიწყო. გააფორმა არაერთი ქართული სპექტაკლი. 1989 წლიდან დღემდე ხელოვანი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია.
1993 წელს, ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატულ თეატრში განხორციელებულ ა. კამიუს „კალიგულას“ სცენოგრაფიისათვის მხატვარს კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.
მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო საქართველოს, ესპანეთისა და უკრაინის მუზეუმებსა და გალერეებში. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც მუზეუმებში, ასევე კერძო კოლექციებში.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები