ენმ-ს ალიანსი „პატრიოტთა ალიანსთან“ –  რატომ დაუჭირეს „ნაციონალებმა“ პრორუსულ ძალად მოხსენიებულ პარტიას მხარი?

პოლიტიკური არსებობის მანძილზე, ენმ საზოგადოებას არწმუნებს, რომ მკვეთრად დასავლური იმიჯი და შეხედულებები აქვს. შესაბამისად, გმობს ყველა ძალას, რომელიც რუსულ პოლიტიკასთან ასოცირდება, ან მის მიმართ ლოიალური მიდგომები აქვს. „ნაციონალები“ მათ ხშირად ქვეყნის მტრებად და მოღალატეებად მოიხსენიებენ და, თავის დროზე, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, „კუდიანებზე ნადირობისას“, ციხეებიც აავსეს „რუსეთის აგენტებით“. ამ „მოღალატეების“ ვრცელ სიაში, ნინო ბურჯანაძის და მისი პოლიტიკური გაერთიანების გარდა, „პატრიოტთა ალიანსი“ „საპატიო ადგილს“ იკავებდა და იკავებს. ენმ-მ ირმა ინაშვილი პუტინის კარის პოლიტიკოსად არაერთხელ დაასახელა.

რა მოხდა ახლა? რატომ დაივიწყეს „ნაციონალებმა“ პოლიტიკური კონფრონტაცია და რატომ გადაწყვიტეს თავისივე ხედვით, პრორუსული ძალისთვის დაეჭირათ მხარი? რა და რატომ მოხდა ბორჯომში?

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე ნამდვილად ვერ გაიმარჯვებდა, რომ არა ენმ-ს, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტების“ ხმები. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბორჯომი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ უმცირესობაშია.

მოგვიანებით, ენმ-ს გარდა, ორივე პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მართალია, „ალიანსის“ პოლიტიკური ხედვა მიუღებელია, მაგრამ ჩაჩანიძისთვის ხმის მიცემით მათ მხარი ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მარცხს დაუჭირეს. „ლეიბორისტებმა“, რომლებიც ინაშვილის პარტიას ბიძინა ივანიშვილის სატელიტად მოიხსენიებდნენ და ახლა ალიანსს მხარი დაუჭირეს, განაცხადეს, რომ „არჩევანი გაკეთდა ცუდსა და უარესს შორის“.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს და თქვეს, რომ: „ყველა ოპოზიციონერი საკრებულოს წევრის ვალდებულებაა, არ დავუშვათ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ „ოცნების“ წარმომადგენლის არჩევა“.

ენმ-ს საზოგადოებისთვის საკუთარი ნაბიჯის ახსნაზე არც უფიქრია და დუმილი ამჯობინა. რა თქმა უნდა, „ნაციონალებისთვის“ ეს არაპოპულარული ნაბიჯია და რაც უფრო ნაკლები აქცენტები გაკეთდება ამ თემაზე და მალე მიჩუმდება, ეს მის წისქვილზე დაასხამს წყალს.

„ნაციონალური“ მიმართულების მედიამაც კი, მომზადებულ სიუჟეტებსა და სტატიებში გვერდი აუარა „ალიანსის“ ალიანსს ენმ-სთან და თემას წაუყრუა.

საინტერესოა, არის კი ეს ერთადერთი თემა, სადაც ენმ და „ალიანსი“ ალიანსშია? ეგება და, ეს პოლიტიკური კონფრონტაცია, ხმამაღალი ურთიერთბრალდებები მხოლოდ შირმაა და კიდევ ბევრი თემა არსებობს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ირმა ინაშვილი აქტიურად თანამშრომლობენ? ეგება და, ფარულად პოლიტიკური თანამოაზრეებიც არიან? ან, თუ არ არიან, ვინ იცის, მმართველი გუნდის დამარცხების სურვილით, კიდევ რა სიტუაციაში და ვის დაუჭირონ მხარი?

თუკი დღეს, მათი აზრით, ჩვენი ქვეყნის მთავარი მტრის – რუსეთის ინტერესების დამცველ ინაშვილს შეეკრნენ, არავინ იცის, ხვალ ვინ იქნება შემდეგი? სად და ვისში გაცვლიან საკუთარ ღირებულებებს (ეგებ სახელმწიფო ინტერესებსაც), თუმცა საკითხავია, აქვთ კი ის?

რაც შეეხება „ოცნებას“, მმართველი გუნდის წარმომადგენელი ირაკლი კვირკველია არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობს  და  შედეგების გასაჩივრებას სამართლებრივი გზით აპირებს. ის მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესი მთელი რიგი საპროცედურო დარღვევებით მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე დეპუტატებმა 15 ხმით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე, ჩაჩანიძეს სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა, თუმცა, მაშინ ,,ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჩაჩანიძე მერობისთვის იბრძოდა, მეორე ტურში კი, მმართველი გუნდის კანდიდატთან დამარცხდა.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გარდა, მისი მოადგილის პოსტიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დაიკავა. ,,პატრიოტთა ალიანისის” წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძის მოადგილედ დეპუტატებმა ამავე პარტიის წევრი, გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს.

საკრებულოს  ხმაურიან სხდომაზე გუშინ დაპირისპირება მოხდა,   დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი, ,,ლეიბორისტული პარტიის” წევრ გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლეს.

მოგვიანებით, სხდომა პროტესტის ნიშნად “ქართული ოცნების” წევრებმა დატოვეს. ისინი საკრებულოს დარბაზში არ იმყოფებოდნენ,  შესაბამისად, ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დაპირისპირების გამო, ორ დეპუტატს – ირაკლი კვირკველია (,,ქართული ოცნება”) და გიორგი გიუაშვილს (,,ლეიბორისტული პარტია”) სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის სამმართველოს შენობაში  დაკითხვაზეც  მოუწიათ მისვლა.

მოკლედ, ასეთი იყო ბორჯომის არჩევნების ქრონიკა და შედეგები.

საინტერესოა, ამ მოვლენების შემდეგ,  როგორ გაგრძელდება „ალიანსის“ და ენმ-ს ალიანსი?  გააგრძელებენ ერთმანეთის კრიტიკას და ლანძღვას?  თუ ფარულ მეკავშირეებად იქცევიან?  თუ უკვე იყვნენ ისინი?  ქართულ პოლიტიკას ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს – ადრე თუ გვიან, აქ ყოველთვის დგება ლუსტრაციის მომენტი და ალბათ,  ბორჯომის არჩევნებიც ამის ერთი ნათელი მაგალითია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები