აკაკი ზოიძე: ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომ საქართველოსნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, მისივე თქმით, კიდევ ორი სამინისტროს შემცირება იქნებოდა შესაძლებელი.
როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო დაპირებაც სწორედ ეს იყო, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი და მოქნილი გახდეს მთავრობა.
“ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო და არაერთხელ გაცხადებული პრიორიტეტი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი და მოქნილი გახდეს მთავრობა და ზოგადად, მმართველობა. ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, შესაძლებელი ალბათ, იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა. იმედი მაქვს, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება”, – განაცხადა ზოიძემ.
ზოიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ იმ კანონპროექტს, რომლითაც მთავრობა პარლამენტში შევა, როგორ მოხდება გაერთიანება და რა ვარიანტია მთავრობის მიერ შემოთავაზებული.
“ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო აქამდე და მხარს დავუჭერ მიდგომას მინიმალურად აუცილებელი ადამიანური “დანაკარგებით”, რადგან თითოეული ადამიანი ეს არის დაკარგული სამუშაო და შემოსავლი ოჯახებისთვის. ჩვენ მივესალმებით, თუ ეს ყველაფერი მოხდება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, მოხდება სტრუქტურებში გადანაწილება, თუმცა რეზერვს ვხედავთ ადმინისტრაციულ დანახარჯებში, რომლის შემცირებაც ასეთი ტიპის რადიკალური რეფორმით რეალურია”, – განაცხადა ზოიძემ და იქვე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ დანახარჯებში იგულისხმა არა ადამიანების ხელფასები, არამედ ის ხარჯები, რაც ემსახურებოდა სამინისტროების, სხვადასხვა დეპარტამენტების უზრუნველყოფას. ზოიძე მიიჩნევს, რომ დაზოგილი თანხები უნდა მიემართოს სოციალური მიზნებისთვის. მისი თქმით, შესაძლებელი იქნებოდა სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების ან ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება.
“მე, მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე დავტოვებდი, რადგან ეს ქვეყნისთვის, გლობალურად არის დიდი პრიორიტეტი. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს. მთავრობა გვთავაზობს ამ ვარიანტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. ახლა უკვე განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში შემოვა, გვექნება საჯარო მსჯელობა”, – განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები