„ვისწავლოთ თურქული ენა მუზეუმში“ – ახალი პროგრამის პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია „ვისწავლოთ თურქული ენა მუზეუმში” გაიმართება, რომელიც მუზეუმის ექსპოზიციის საშუალებით თურქული ენის შესწავლას გულისხმობს.

პრეზენტაცია ეროვნულ გალერეაში 15 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულ პროგრამას საფუძველი თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსა და მისი მეუღლის, სიმაი გუმრუქჩუს ინიციატივით ჩაეყარა. მათ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრსა და იუნუშ ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრს შორის თანამშრომლობას ხელი შეუწყვეს. ამ ინიციატივის ფარგლებში ერთობლივად მომზადდა სასწავლო რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს გააცნობს და, ამავდროულად,  თურქული ენის შესწავლაში დაეხმარება. ანალოგიური ინიციატივა პირველად რამდენიმე წლის წინ  საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა თბილისის გოეთეს ინსიტუტს შორის დაინერგა და დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მიესალმება იმ ფაქტს, რომ წარმატებული გამოცდილება ახლა უკვე თურქული კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს თურქეთის საელჩოსთან საქართველოში. თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო არაერთი გამოფენა, საჯარო ლექცია თუ კონფერენცია, სპეციალისტთა გაცვლითი პროგრამა და სხვა. უკანასკნელ წლებში მუზეუმის კოლექციას, საელჩოსა და თურქ ხელოვანთა კეთილი ნებით, შეემატა რამდენიმე ექსპონატი. აღნიშნული ღონისძიებები ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის განვითარების საქმეს ემსახურება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. პრეზენტაციის ფარგლებში ჩატარდება პირველი საჩვენებელი გაკვეთილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები