თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომლის 14 ნოემბერს მოწვევის თაობაზე, განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.

თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.

თამარ ჟვანიამ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა, თბილისის საკრებულოს 21 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი  წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს  ფრიდონ ინჯიას გადასცა.

საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგის თანახმად, საკრებულოს რამდენიმე წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, ინფორმაცია კოლეგებს ფრიდონ ინჯიამ მიაწოდა.

კერძოდ,  საკრებულოს ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება  „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპორციული სიის მე-10 ნომერი გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით,  ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

საკუთარი განცხადებების საფუძველზე, ასევე, უფლებამოსილება შეუწყდათ ახლადარჩეულ საკრებულოს წევრებს:  ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’ ნიკა მელიას და დეპუტატებს  ,,ევროპული საქართველოდან’’ – დავით დარჩიაშვილს და დავით ავალიანს.

დღესვე სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე დამტკიცდა.

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე გიორგი ახვლედიანის, მარიკა დარჩიასა და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურები დაასახელა.

საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები  ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

2017 წლის 21 ოქტომბრის  თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ -40,  ,,ნაციონალურ მოძრაობას’’- 5, ,,ევროპულ საქართველოს’’- 3, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 2 წევრი ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები