რამაზ საყვარელიძე: ცვლილებებმა გარკვეული ოპტიმიზმი გააჩინა სახელისუფლო სტრუქტურების განვითარებაში

“ვფიქრობ, რომ ცვლილებები დაგვიანდა, რადგან თუ მინისტრი შეცდომებს უშვებს, მერე ეს ქვეყანას ძვირად უჯდება. ამიტომ, დროულად სჯობს შეცდომების გამოსწორება”,-ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცვლილებებმა გარკვეული ოპტიმიზმი გააჩინა სახელისუფლო სტრუქტურების განვითარებაში.
“მეორე მხრივ, რთულ მომენტში მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან წინ ბიუჯეტია მისაღები. ერთი რამ ცხადია, რომ ცვლილებებმა გარკვეული ოპტიმიზმი გააჩინა სახელისუფლო სტრუქტურების განვითარებაში. ახალი ელემენტების მატარებელი ცვლილებები მოხდა, მოყვანილია საკმაოდ ძლიერი ფიგურები. სამინისტროების შემცირებაც პოზიტიურია, მათი მთლიანი სტრუქტურა უფრო ლოგიკური გახდა. საკადრო თვალსაზრისით დადებითი პროცესები მოხდა. ალექსანდრე ჯეჯელავა ძალიან რთული ფიგურა იყო კაბინეტისთვის და პრემიერისთვისაც, რომელიც თავისი საქმის შესანიშნავი სპეციალისტია, მაგრამ განათლების სისტემაში თავისი სტილი ვერ იპოვა და ისეთი ოდიოზური იდეების ავტორი გახდა, როგორიც ვაშლები და კომბლეა. სჯობდა, იქამდე შეცვლილიყო ეს ადამიანი, სანამ ვაშლების დათვლას დაიწყებდა”,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მან გიორგი გახარიას შს მინისტრად დანიშვნაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საინტერესო ცვლილებაა. რამაზ საყვარელიძის თქმით, სამინისტროს ახალი “ხილი” სჭირდებოდა, ახალ მინისტრს კი, შესაბამისი მენეჯმენტის უნარი და გამოცდილებაც აქვს.
“გიორგი გახარიას შს მინისტრად დანიშვნა ძალიან საინტერესოა, რადგან სამინისტრო მძიმეა და ქრება ხოლმე ზღვარი კრიმინალსა და პოლიციელს შორის, ამიტომ მას ახალი “ხილი” სჭირდებოდა. ამ სისტემაში ახალი ფიგურის ჩასმა, რომელსაც მენეჯმენტის გამოცდილებაც აქვს და უნარიც, საინტერესოდ და საჭირო ცვლილებად მიმაჩნია.
ცვლილებებიდან გამომდინარე, როგორც არაერთი ანალიტიკოსი მიუთითებს, გაჩნდება პრემიერ-მინისტრობის მსურველი მეტი პირი და ვიმეორებ, ესაა დადებითი, ძლიერი ფიგურები მომრავლდა. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო იქნება განათლებაში მოსული პიროვნება მიხეილ ჩხენკელი, რადგან სერიოზული აკადემიური წარსულის და სტილის პიროვნებაა. მან ძალიან კარგად იცის დასავლური და ქართული სპეციფიკა. ასე რომ, საინტერესო, ოპტიმიზმის იმპულსია, თუმცა, ცვლილებებს შესაძლოა გარკვეული სახის იმედგაცრუებაც მოჰყვეს”,-აღნიშნა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები